ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით დააკავეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა საქართველოს მოქალაქისგან ბათუმში უკანონოდ აშენებული კომერციული დანიშნულების ფართზე კანონით დადგენილი ჯარიმის თავიდან აცილების სანაცვლოდ ქრთამი აიღო. სუსი წერს, რომ ის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

„ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში“ დაკავებულის უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა კლასის სამშენებლო ობიექტის კონტროლი, ასევე, უნებართვოდ მიმდინარე და უკვე უკანონოდ განხორციელებულ სამუშაოებზე კანონით განსაზღვრული რეაგირების მოხდენა“, – წერს სუსი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.