„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა პარტიის დღევანდელ ყრილობას ესწრება. მან მედიასთან ყრილობის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა:
„მე დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, ახლა ჩემი მხრიდან ყველაზე სწორი იქნება ის, რომ ბრძოლა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გავაგრძელო, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითმა წევრმა.
ჩემი თხოვნაც იყო, ჩემი კანდიდატურა არ დასახელებულიყო, შესაბამისად არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხზე. ეს არის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება 6 თვით. მე ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა, თინა ბოკუჩავამ ყრილობის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას არ აპირებს:
„სამი მიზეზით ვარ მე დღეს აქ, პირველი – მადლობა ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც არიან დელეგატები ყრილობაზე, იმ ნდობისთვის, რაც 2 წლის წინ მომანიჭეს, რომ მემსახურა პარტიისთვის, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, მეორე – თუ აქამდე ვინმემ ვერ გაიგო, კიდევ ერთხელ ჩემთვის მთავარია ბრძოლა და არანაირ თანამდებობას არასდროს მნიშვნელობა არ ჰქონია. მთავარია სიმართლე, ღირსება… მესამე – მინდა წარმატება ვისურვო ყველა ადამიანს, ვინც დღევანდელ ყრილობაზე აიღებს პასუხისმგებლობას, რომ მართოს „ნაციონალური მოძრაობა“…. არსად წასვლას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არ ვაპირებ, ვრჩები იმ ორგანოს წევრად, რომელიც მიმაჩნია, რომ მთავარი პოლიტიკური ორგანოა ამ პარტიაში“,- თქვა ბოკუჩავამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუმართა, რომ დროებით მმართველობით ორგანოში შევლენ პარტიის ლიდერები. მათ შორის იქნება „რეფორმების საბჭო“ ნანუკა ჟორჟოლიანის მონაწილეობით.
დღევანდელ ყრილობაზე აირჩევიან საბჭოს წევრები და საბოლოო ჯამში, 6 თვის შემდეგ ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები პირდაპირი გზით.
17 ივნისს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის მისი კანდიდატი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანია.
მანამდე მან ერთი კვირის წინ, 10 ივნისს დაწერა, რომ ერთობლივად შეთანხმდნენ პარტიაში ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შემოერთებაზე.
სააკაშვილის ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარისთვის, თინა ბოკუჩავასთვის. მისი თქმით, წინა კვირას გამოქვეყნებული პოსტით მან სააკაშვილისგან მხარდაჭერა მიიღო და ამისთვის მადლობაც გადაუხადა.
თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს ამოეწურა.
პარტიის წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარე პარტიის ყრილობაზე აირჩევა. ყრილობა უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა.