ნიკა მელიას თორნიკე ქოჩქიანის საქმეზე წელიწად-ნახევარი მიესაჯა

პუბლიკა

ნიკა მელიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ელეიშვილმა გამოიტანა.

ნიკა მელიას ახალი ბრალდება 2026 წლის 9 თებერვალს წარედგინა. მას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფით სასამართლოს უპატივცემულობას ედავებოდნენ.

სისხლის სამართლის საქმეში დევს ვიდეო, რომელშიც ისმის ფრაზა „მოსამართლე **ე ხარ“.

მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ ეს ვიდეომასალა, ექსპერტიზის შეფასებით, „უვარგისია და ვერ დადგინდება ფრაზის წარმომთქმელი პირი“.

ამის მიუხედავად, დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავოდ ცნო. მათი პოზიციით, საქმე პოლიტიკური პროცესის ნაწილია და მათი ინტერესი ხელისუფლების გადაწყვეტილების სწრაფად გაგება იყო.

ეს ნიკა მელიას მესამე განაჩენია. მას წინა ორი განაჩენით თავისუფლება წელიწად-ნახევრით აქვს აღკვეთილი.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ახალი სასჯელით მელიას ციხეში მოსახდელი წლები არ დამატებია. მან ციხე 2026 წლის 20 დეკემბერს უნდა დატოვოს.

თორნიკე ქოჩქიანი ნოემბერში ნიკა მელიას ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა. მან ლისის ტბის ასახვევთან დაკავებისას პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით მელია 5 000 ლარით დააჯარიმა.

ნიკა მელიას საქმეები

ნიკა მელია 2025 წლის 29 მაისს ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შსს ამტკიცებდა, რომ მან პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა.

ადმინისტრაციული წესით დაკავების მომდევნო დღეს, 30 მაისს ჩანიშნული იყო წულუკიანის კომისიის საქმეზე სასამართლო სხდომა, რომელზეც მელიასთვის შეფარდებული გირაო პატიმრობით უნდა შეეცვალათ, რადგან მელიამ გირაო არ გადაიხადა. მელია სხდომაზე დასწრებას არ აპირებდა.

ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ ნიკა მელია 30 მაისს სხდომაზე მიიყვანეს. მისი გირაო პატიმრობით შეიცვალა. 30 მაისის სხდომაზე მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.

წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების საქმეზე მელიას 8 თვე მიესაჯა.

მელიას ბრალი წარუდგინეს მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზეც. მოსამართლემ მელიას წელიწად-ნახევარი მიუსაჯა, რადგან მისი განმარტებით, მელიამ დანაშაული რეციდივის ქვეშ ჩაიდინა, ის უკვე იყო ნასამართლევი და სასამართლომ სწორედ ეს გარემოება გაითვალისწინა.

გარდა ამისა, მელიას ბრალი ედება ე.წ. საბოტაჟის საქმეზეც. გამოძიება მას „ქუჩაში რადიკალიზაციის პროცესისთვის აქტიურ მოქმედებას, რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცველთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას“ ედავება. გამოძიება მის წინააღმდეგ 318-ე, საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს.