ადვოკატის ინფორმაციით, დააკავეს აჭარის ტელევიზიის წამყვანი კობა ფარტენაძე

პუბლიკა

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კობა ფარტენაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც წვრილმანი ხულიგნობით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


ადვოკატ თემურ ქავშბაიას ინფორმაციით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი, კობა ფარტენაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე განცხადებით, ფარტენაძე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი მუხლის საფუძველზე.

„დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე 2 განყოფილებაში. კობას ინტერესებს დაიცავს თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი!

ამ დროისათვის ვარკვევთ, თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული კობა ფარტენაძე. ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში.

საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და მიმდინარეობის შესახებ“, – წერს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ კობა ფარტენაძე სამართალდამცავებს არ დაემორჩილა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე ლანძღვა-გინებით დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი.

„კობა ფარტენაძემ, 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა – აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

ასევე, აღნიშნული პირი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კობა ფარტენაძემ გუშინ, 16 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ.

იქამდე 11 აგვისტოს ფარტენაძის მიმართ მუქარისა და ძალადობის ბრალდებით შსს-მ ორი ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 7000-7000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეეფარდათ.

საქმე ეხება 9 აგვისტოს მომხდარ შემთხვევას, რომლის შესახებაც კობა ფარტენაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ კაცი მას „გვერდით გაყოლას“ სთხოვს, ახსენებს მის შეღებილ თმას და იყენებს ჰომოფობიურ ტერმინს.

როგორც ტელეწამყვანი ამბობს, მას ყოველ საღამოს ხვდებიან, აყენებენ შეურაცხყოფას, ემუქრებიან და ფიზიკურად ეხებიან.