პროკურატურის ცნობით, გვარაკიძე პანდემიისას გარდაცვლილი ფეხბურთელის მამას შეხვდა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კოვიდპანდემიის დროს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე მის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა. ჩარკვიანმა 22 სექტემბერს თქვა, რომ შიმშილობას იწყებს ყველა დამნაშავის დასჯის მოთხოვნით. პარალელურად, საქმის მოკვლევის განცხადებით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსაც.

უწყების ცნობით, დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი.

პროკურატურა წერს, რომ შეხვედრაზე გაიოზ ჩარკვიანს კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ.

უწყების თანახმად, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო გააგრძელებს სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, რაშიც ჩართული იქნება გაიოზ ჩარკვიანი და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.

20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წელს კორონავირუსით გარდაიცვალა.

პროკურატურა წერს, რომ მისი გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელა 3 პირის მიმართ.

უწყების ცნობით, გამოძიების პროცესში, ვახტანგ ჩარკვიანის უფლებამონაცვლის სტატუსით, უშუალოდ არის ჩართული გაიოზ ჩარკვიანი, რომელსაც გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სისტემატურად მიეწოდება. საქმეზე ჩატარდა ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, გამოიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

გამოძიების თანახმად, 2021 წლის 11 აგვისტოს, COVID-19-ის დიაგნოზით, ვახტანგ ჩარკვიანი შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ („რესპუბლიკურ საავადმყოფოში“) მოათავსეს. 12-17 აგვისტოს ის თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა, 17 აგვისტოს კი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც 10 სექტემბერს გარდაიცვალა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ კლინიკის თერაპიული განყოფილების უფროსმა ქეთევან ცერცვაძემ და ექიმმა ქეთევან ლობჟანიძემ სამსახურებრივი მოვალეობა არასათანადოდ შეასრულეს და დაარღვიეს COVID-19-ის კლინიკური მართვის წესი. კერძოდ, 2021 წლის 14 აგვისტოს მათ პაციენტს ანტიბიოტიკოთერაპია ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარების გარეშე დაუწყეს და შემდგომ შეცვალეს, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი გაიდლაინით კვლევა სავალდებულო იყო. შედეგად, უცნობი იყო, იყო თუ არა ჩარკვიანი ბაქტერიული ინფექციით ინფიცირებული და რა იყო ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროფილი, რამაც, გამოძიების თანახმად, მისი მკურნალობის პროცესი გაართულა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.

პროკურატურის ცნობით, ასევე დადგინდა, რომ რეანიმაციის განყოფილების უფროსმა ექთანმა თეა ბეგიაშვილმა გააყალბა ვახტანგ ჩარკვიანის სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი – „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“. მან მორიგე ექთნების ნაცვლად მოაწერა ხელი, რის შედეგადაც დოკუმენტში ჩაიწერა, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები თავად შეასრულა, მაშინ როცა რეალურად მათ არც ასრულებდა და არც ჩატარებაში მონაწილეობდა.

ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა სამივე პირის მიმართ დაიწყო.

2023 წლის 23 იანვარს თეა ბეგიაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 2024 წლის 19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ზედა ინსტანციის სასამართლოებში ძალაში დარჩა.

2023 წლის 24 ნოემბერს ქეთევან ცერცვაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება. 2025 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე განაჩენით, გაიოზ ჩარკვიანის, როგორც ვახტანგ ჩარკვიანის უფლებამონაცვლის, წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ცერცვაძეზე ამნისტია გავრცელდა და ის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა.

2025 წლის 27 თებერვალს იმავე, 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ბრალი წარედგინა თერაპიული განყოფილების მორიგე ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს. 2026 წლის 30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ასევე გაიოზ ჩარკვიანის წინასწარი თანხმობით, მის მიმართ ამნისტია გავრცელდა და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

23 სექტემბერს გაიოზ ჩარკვიანს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი შეხვდა.