20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის კორონავირუსით გარდაცვალების საქმეზე ექიმების პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით, მისი მამა – ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, რომ პერმანენტულ აქციებს იწყებს.
დღეს დილიდან გაიოზ ჩარკვიანი პროკურატურასთან მივიდა, როგორც თავად ამბობს, ერთადერთი მოთხოვნით – დაისაჯოს ყველა დამნაშავე. მან პროკურატურასთან შიმშილობა გამოაცხადა და მთავარ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვს.
აქციას შეუერთდნენ მისი კოლეგა ადვოკატებიც, რომლებიც მოითხოვენ ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე პასუხისმგებელი ექიმების საკითხის დაყენებას. აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ საქმეს სათანადო და ეფექტური რეაგირება არ მოჰყვება.
20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა და კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 11 აგვისტოს კოვიდ-სასტუმროდან შეიყვანა. ოჯახი მის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს.
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებიდან მალევე მამამ – გაიოზ ჩარკვიანმა გენერალურ პროკურატურას მიმართა და შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. პარალელურად, საქმის მოკვლევის განცხადებით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსაც.
**********************
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ, კერძოდ:
2023 წლის 23 იანვარს, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების უფროს ექთანს – თეა ბეგიაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 2024 წლის 19 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით თეა ბეგიაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
განაჩენი ძალაში დარჩა ზედა ინსტანციის სასამართლოებში.
ამავე საქმეზე, 2023 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ბრალდება წარედგინა რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების უფროსს – ქეთევან ცერცვაძეს, ხოლო 2025 წლის 6 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ქეთევან ცერცვაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. გაიოზ ჩარკვიანის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ გავრცელდა ამნისტია და გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან.
ასევე, 2025 წლის 27 თებერვალს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ბრალდება წარედგინა რესპუბლიიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების მორიგე ექიმს – ქეთევან ლობჟანიძეს, ხოლო 2026 წლის 30 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გაიოზ ჩარკვიანის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ გავრცელდა ამნისტია და ქეთევან ლობჟანიძის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.