პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ, რომელიც ამავდროულად გიორგი გახარიას ადვოკატია, თქვა, რომ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სასამართლოში სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ დაადასტურა, რომ 2019 წლის იანვარში თავად იმყოფებოდა ჩორჩანის ტყეში და შსს-ს თანამშრომელთან ერთად ადგილზე რუსული მხარის მიერ გაკეთებული ყვითელი მონიშვნები დააფიქსირა, რაც, ადვოკატის შეფასებით, ბორდერიზაციის წინაპირობა იყო. ირაკლი ანთაძე დღეს, 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე ჩორჩანის საქმეზე გამოჰკითხეს.
სიჭინავას თქმით, ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ანთაძემ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ამასთან, ამბობს, რომ ცალკე შეფასების საგანია ირაკლი ანთაძის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმის თაობაზე სუს-ი ინფორმირებული არ იყო.
„ბატონი ირაკლი ანთაძე მაშინ იკავებდა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას და, შესაბამისად, მის მოვალეობებში შედიოდა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხები. ის ასევე 2018 წლიდან დღემდე არის სუს-ის წარმომადგენელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.
მის ჩვენებასთან დაკავშირებით დეტალურად ვერ ვისაუბრებ დახურული სხდომის ფაქტორიდან გამომდინარე, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც ნაწილში ირაკლი ანთაძის ჩვენებები, რა თქმა უნდა, იყო ობიექტური, თუმცა რაღაც ნაწილში იყო არაობიექტური და, ფაქტობრივად, შესაძლოა, ცრუ ინფორმაცია მიაწოდა მან სასამართლოს“, – თქვა ბერდია სიჭინავამ.
მისი განცხადებით, ანთაძე „ნაწილობრივ ვერ გაექცა იმ რეალობის აღიარებას, რომ 2019 წლის იანვრიდან ჩორჩანის ტყეში ყვითელი მონიშვნები არსებობდა“.
„ნაწილობრივ ვერ გაექცა იმ რეალობას, რა რეალობაც ობიექტურია და ეს რეალობაა ის, რომ 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული მონიშვნები არსებობდა ჩორჩანის ტყეში. ჩორჩანის ტყეში გააჩერეს მონადირე, რაც საჯარო ჩვენებაში აქვთ მიცემული. ამ პერიოდიდან მოყოლებული უსაფრთხოების გარემო იყო ჩორჩანასთან მიმართებით დაზიანებული და, მათ შორის, ბორდერიზაციის აშკარა ნიშნები არსებობდა.
ეს გამოხატული იყო იმაში, რომ ჩორჩანის ტყეში გაკვალული იყო ბილიკები, ყვითელი მონიშვნები არსებობდა და ეს, როგორც ბორდერიზაციის წინა პირობები, პირდაპირ მიანიშნებდა ტერიტორიულ პრეტენზიებზე, კონკრეტულ შემთხვევაში, ჩორჩანასთან მიმართებით“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ სატელიტი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერ ვატო შაქარიშვილის ჩვენებაზე – შაქარიშვილი პროკურატურის მოწმე იყო. მისი თქმით, შაქარიშვილის ჩვენება „შეკვეთილი და ცრუ „დანოსზე“ დაფუძნებულია“.
სიჭინავამ ასევე თქვა, რომ დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ვატო შაქარაშვილის მიერ ჩვენების მიცემის ნაწილში სხდომა ღია ყოფილიყო, რადგან, მისი შეფასებით, შაქარიშვილი არ არის პირი, რომელსაც ჩორჩანასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, სიჭინავას განცხადებით, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„ვახტანგ შაქარაშვილი არის ის ადამიანი, რომლის საჩივრის საფუძველზეც დაიწყო სხვადასხვა პოლიტიკოსების მიმართ საქმის წარმოება. იცით, რომ პოლიტიკოსები საბოტაჟის ნაწილით არიან ბრალდებულები სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ამ ნაწილშიც მისი ჩვენებებია და აი, ამ ნაწილიდან არის გამოყოფილი ასევე ჩორჩანას საქმეც.
ვერანაირი ინფორმაციის მატარებელი ვახტანგ შაქარაშვილი ვერ იქნებოდა ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით მარტივი მიზეზის გამო – მას არ ეჭირა ის თანამდებობა, რომელიც რაიმე ტიპის ინფორმაციაზე წვდომას მისცემდა. შესაბამისად, მისი მთელი ეს მონათხრობი, რა თქმა უნდა, არის შეკვეთილი და თავიდან ბოლომდე ცრუ „დანოსზე“ დაფუძნებული.
ზუსტად ასეთი ცრუ „დანოსჩიკი“ ადამიანების ჩვენებებით 1937 წელს საბჭოთა რეპრესიული რეჟიმი ხვრეტდა ადამიანებს“, – თქვა ბერდია სიჭინავამ.
მისივე თქმით, როგორც ყოფილ პროკურორს, მას „შერცხვა“, რომ შაქარაშვილი პროკურატურის მოწმედ იყო გამოძახებული და საუბრობდა „დიფ სთეითზე“, ამერიკის დაკვეთით ჩატარებულ ღონისძიებებზე, აგენტურასა და სხვა საკითხებზე.
სიჭინავას თქმით, ვატო შაქარაშვილი 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული საკუთარ პოზიციებს საჯაროდ გამოთქვამდა. მისი განცხადებით, 2019 წლის 24 აგვისტოს, ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს აშენების შემდეგ, შაქარაშვილი ადვოკატის კაბინეტთან იმყოფებოდა და გიორგი გახარიასთან „პერსონალური თხოვნებით“ დადიოდა.
„2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული ეს ადამიანი თავის პოზიციებს გამოთქვამდა. 2019 წლის 24 აგვისტოს შემდეგ, რაც აიგო საპოლიციო საგუშაგო, ეს ადამიანი ჩემს კაბინეტთან იყო ატუზული და გიორგი გახარიასთან პერსონალური თხოვნებით დარბოდა და მაშინ თურმე არ იცოდა, რომ „დიფ სთეითის“ დავალებით ჩავატარეთ თურმე ღონისძიებები“, – თქვა ბედრია სიჭინავამ.
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჩორჩანის საგუშაგოს საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის მტკიცებით, 2019 წლის 24 აგვისტოს გიორგი გახარიამ, რომელიც იმ დროს შს მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იყო, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებისა და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციის გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის გადაწყვეტილება. შედეგად, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოექცა დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივი და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები, რასაც შეიარაღებული კონფლიქტის რეალური საფრთხე მოჰყვა.
2019 წლის აგვისტოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ჩორჩანის ტყეში, ოკუპირებულ სოფელ წნელისთან ახლოს, დამატებითი საპოლიციო საგუშაგო განათავსა. ამის პარალელურად, სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა.
29 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმმა ერგნეთის IPRM შეხვედრა ჩაშალა და ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა. ქართულმა მხარემ მოთხოვნა არ შეასრულა და საგუშაგოს გამაგრება გააგრძელა. იმავე პერიოდში ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
30 აგვისტოს ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელმა ანატოლი ბიბილოვმა წნელისში შეიარაღებული ძალები გადაისროლა, ხოლო ოკუპირებული წნელისიდან შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ჩორჩანის ტყეში გზა გაიყვანა და ორი საგუშაგო მოაწყო.