„ენმ-ის“ განცხადებით, შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის ჩატარებაზე უარი უთხრა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის ჩატარებაზე უარი უთხრა.

აქცია პარტიამ 24 სექტემბერს დააანონსა „რიყის დოქებთან“ – „იმ შენობასთან, რომლებიც ისევე გააპარტახეს და გაანადგურეს, როგორც ჩვენი ქვეყანა”. აქცია მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით დაიგეგმა. „თავისუფლება მიშას, არა რუსულ რეჟიმს” – არის 1 ოქტომბრის საპროტესტო შეკრების სლოგანი.

დღეს „ენმ-ის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ „თურმე არ შეიძლება, აქცია ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით“.

ფავლენიშვილმა თქვა, რომ „მიუხედავად ნებისმიერი ტექნიკური დაბრკოლებისა“, აქცია 1 ოქტომბერს, 19:00 საათზე მაინც გაიმართება.