კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის – „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტის დარღვევის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა.
ComCom-ის ინფორმაციით, მონიტორინგი 14-16 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, რომლის შედეგადაც, „ფორმულას“ 17-საათიან ახალი ამბების პროგრამებში „წამყვანებისა და კორესპონდენტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელებისა და მიუკერძოებლობის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა“.
„მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტი მოხსენებით ბარათში უთითებს, რომ „ფორმულა“ სადავო სიუჟეტებში „სისტემატურად“ იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, მაგალითად: „ოცნების პრემიერი“, „ქართული ოცნების სუსი“, „ოცნების პარლამენტი“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ოცნების ფინანსთა სამინისტრო“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“.
მათი განმარტებით, ეს ფრაზები „სახელმწიფო ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს“.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე მიღებული აქვს სამი სანქცია: წერილობითი გაფრთხილება, 2500 და 5000-ლარიანი ჯარიმები.
შესაბამისად, კომისია წერს, რომ ამ ჯერზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, ან არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობისა.
6 მარტს, მას შემდეგ რაც ბრიტანეთმა სახელისუფლებო „იმედისა“ და „Postv“ დაასანქცირა, კომუნიკაციების კომისიამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, აუცილებლად მიიჩნიეს, პრაქტიკაში აამოქმედონ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, რათა „მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს”. ამ დრომდე კომისია მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებდა.
2025 წლის მარტში „მაუწყებლობის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების (ამოქმედდა აპრილში) საფუძველზე კომისიის უფლებამოსილება გაფართოვდა მაუწყებლობის სტანდარტების შესრულებაზე კონტროლის, ზედამხედველობისა და მაუწყებელთა სანქცირების თვალსაზრისით.