ComCom „მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევას „ფორმულას” უკვე მესამედ ედავება

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ კომუნიკაციების კომისია „მაუწყებლობის შესახებ“კანონის  სავარაუდო დარღვევას უკვე მესამედ ედავება. მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის თქმით, დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის – „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“  – მე-5 პუნქტი.

მოხსენებითი ბარათის თანახმად, საინფორმაციო გამოშვებების დროს რიგ შემთხვევებში ჟურნალისტები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირად  მოსაზრებებსა და დამოკიდებულებას გამოხატავდნენ.

ამასთან, რეგულირების დეპარტამენტის თქმით, „ფორმულა“ სადავო სიუჟეტებში სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონონები“, „ოცნების რეჟიმის რეპრესიები”.

Formula news-ის 17:00-იანი გამოშვებების მონიტორინგი 15-17 ივნისის პერიოდში მიმდინარეობდა.

ამ და მსგავსი ტერმინების გამოყენებისთვის,  21 მაისს კომუნიკაციების კომისიამ ფორმულა უკვე დააჯარიმა ამავე მუხლის დარღვევისთვის 2 500 ლარით. მაშინ მონიტორინგი 21-23 აპრილს მიმდინარეობდა. 

კანონმდებლობის შესაძლო დარღვევას კომუნიკაციების კომისია ხვალ, 17 ივლისს, განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუკი დარღვევას comcom ოფიციალურად დაადგენს, კანონის თანახმად, ის უკვე უფლებამოსილია, განიხილოს „ფორმულასთვის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების საკითხი. ამასთან, კანონი ალტერნატიულ სანქციასაც ითვალისწინებს – კომისიას შეუძლია, მაუწყებელს დააკისროს გაზრდილი ოდენობის ჯარიმა, არანაკლებ 5 000 ლარისა, არაუმეტეს კომპანიის წლიური შემოსავლის 1%-ისა.