სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომელი მაკო არაბული წერს, რომ საჯარო სამსახურში 11-წლიანი მუშაობის შემდეგ, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში შვიდწლიანი საქმიანობის შემდეგ, რეორგანიზაციის საბაბით სამსახურიდან გაათავისუფლეს.
არაბულის თქმით, საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში მას შესაძლებლობა ჰქონდა, ემუშავა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის უფლებებზე, მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტების, უსახლკარო პირების, პატიმრების, სოციალურად დაუცველების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, შშმ პირების, დევნილებისა და ორსული ქალების უფლება-მდგომარეობაზე. მისივე თქმით, მუშაობდა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ კანონმდებლობაზე.
მან ხაზი გაუსვა, რომ „არსებული სასამართლო სისტემის პირობებშიც კი სახალხო დამცველის კონსტიტუციურმა სარჩელებმა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანა“.
არაბულმა თქვა ისიც, რომ საჯარო სამსახურმა ამ 11 წლის განმავლობაში გარკვეული ინსტიტუციური განვითარების ეტაპები გაიარა და ნელ-ნელა ყალიბდებოდა მიდგომა, რომ საჯარო მოხელე ხალხისა და კონსტიტუციის წინაშეა ანგარიშვალდებული, თუმცა „ბოლო წლებში ეს მცირე მონაპოვარიც ჩამოინგრა“.
„ისევ დავბრუნდით საბჭოთა მენტალიტეტში, რომ საჯარო მოხელე არა ხალხის, არამედ მმართველი პარტიის ან ხელმძღვანელის წინაშეა ანგარიშვალდებული“, – დაწერა მან.
მაკო არაბულმა ასევე აღნიშნა „ქართული ოცნების“ მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც რეპრესიულად შეფასდა და „რომლის არაკონსტიტუციურობაზეც მთელი აპარატი ერთსულოვნად თანხმდებოდა, დღეს კი სწორედ სახალხო დამცველი აღასრულებს ასე სანიმუშოდ“.
მაკო არაბულის შესახებ ჟურნალისტებმა სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს ჰკითხეს. მან თქვა, რომ „ჩატარდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და ის სტრუქტურული ერთეული, სადაც რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, გაუქმდა“.
„[რეორგანიზაცია] მარტო მას არ შეხებია, სხვებსაც შეეხო. ჩვეულებრივი ამბავია. მან უნდა თქვას, რაში გამოიხატება მითითებებზე დაქვემდებარება. ჩემი ანგარიში საპირისპიროს მეტყველებს. სტრუქტურული ერთეული გაუქმდა და რამდენიმე ადამიანი ამიტომ გათავისუფლდა“, – თქვა ლევან იოსელიანმა.
რაც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში „ოცნების“ მიერ შეტანილ ცვლილებებს, რომელზეც მაკო არაბულმა მიუთითა – 2024 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც საჯარო მოხელეებმა სხვადასხვა უწყებებში გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც, მათ შორის, გულისხმობს შემდეგს:
მანამდე მოქმედი რედაქციით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას, მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით დანიშნულ იქნას იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
ცვლილებების მიხედვით კი, რეორგანიზაციის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მსგავსი შესაძლებლობით სარგებლობის უფლება ჩამოერთმევათ და აღნიშნული შესაძლებელი იქნება მხოლოდ, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას.
ასევე, თუ სასამართლომ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული მოხელის სარჩელი დააკმაყოფილა, ახალი წესით მისი სამსახურში აღდგენა მაინც არ ხდება – კანონი ითვალისწინებს განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებასა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაციას.