„ქართული ოცნების” პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი III მოსმენით მიიღო.
საკითხი პლენარულ სხდომაზე „ოცნების” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
მისი თქმით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმების თანახმად, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები წყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტისას.
დღეს დამტკიცებული ცვლილებებით კი ზუსტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შეწყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.
ასევე, შეტანილი ცვლილებებით, კანონში პირდაპირ მიეთითება, რომ ერთადერთი თანამდებობა, რომელზეც ქართული ენის ცოდნის მოთხოვნა პირდაპირ არ გავრცელდება, არიან მრჩევლები, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ჰყავდეს უცხოენოვანი მრჩეველი.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ძირითადი ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის დეკემბერში დაამტკიცა.
სწორედ მაშინ განისაზღვრა, რომ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად და ისინი არიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების – შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირების ხელშეკრულების ვადები მიბმულია მინისტრისას, რაც ნიშნავს, რომ თუ მინისტრი შეიცვლება, თანამდებობებიდან ისინიც გათავისუფლდებიან.
გარდა ამისა, „ოცნების” მიერ მიღებული ცვლილებებით, ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე 6 თვეში ერთხელ შემოწმდება, ნაცვლად წელიწადში ერთხელ შემოწმებისა.
ეს ნიშნავს, რომ მოხელეს წელიწადში 2-ჯერ შეაფასებენ და ორივეჯერ არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში ის სამსახურიდან გათავისუფლდება.
თუ მოხელე არადამაკმაყოფილებელ შეფასებას მიიღებს, მას დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20%, მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.
შესაბამისად, ხელმძღვანელს ხელფასის 20%-ის დაკავება მოხელეებისთვის შეეძლება წელიწადში 2-ჯერ.
სასამართლოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში გათავისუფლებული პირი ვერ აღდგება თანამდებობაზე და იღებს მხოლოდ განაცდურს/სამთვიან კომპენსაციას.