„არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია”, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების” ლიდერმა კახა კალაძემ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ბრალდებები გაუპატიურების შესახებ.
მისივე თქმით, მსჯავრდებული ამგვარი განცხადებებით „ვნებს საკუთარ ღირსებას”.
„ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ფაქტი, როგორც ხდება ხოლმე. ერთი რამ არის საინტერესო – ეს ვითომ გაუპატიურების მცდელობის ფაქტი მოხდა 2025 წელს, როგორც არის საუბარი. ამდენი ხნის განმავლობაში რა ხდებოდა? აქ მეორე მთავარი უბედურებაა ის, რომ კონკრეტული ადამიანი, პატიმარი, ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს ამ ტიპის განცხადებებით. რაც ყველამ დაინახა, ის ვნახე მეც – არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ეს არის სიმართლე. ის, რაც არ არსებობს ბუნებაში, რაც არ უნდა იწვალოთ, ვერ იქნება”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ციხეებში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა 2012 წლამდე ხდებოდა და ახლა ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა.
კალაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის და, ლიკა დავითაძე:
„[…] ბატონო კახი, თქვენ მე ძალიან კარგად მიცნობთ, მრავალი წელი ვიმუშავე ქალაქ თბილისის მერიაში, ვემსახურებოდი ხალხს და ქვეყანას და არა ქართული ოცნების პარტიას, როგორც კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, მაგრამ თქვენ ეგეც ვერ დაინახეთ და პეტიციაზე ხელმოწერის გამო, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება მთლიანად გააუქმეთ და ხელმომწერები გაგვიშვით სახლში! ჰოდა დაიმახსოვრე, რომ არ შეგარჩენ ჩემი ძმის პატივის და ღირსების შელახვას და აუცილებლად აგებთ პასუხს, ყველა, ვინც ამ დანაშაულს დაფარავს!
„ქართული ოცნების” მხარდამჭერებო თქვენ მოგმართავთ, წინა რეჟიმზე აღშფოთებულო საზოგადოებავ, ახლა სად ხართ, სად?! თქვენ ემსახურებით თეთრი რეზინის ხელთათმანების რეჟიმს, ეს არის თქვენი სიმბოლო!”, – წერს ის.
„TV პირველის” ეთერით კახა კალაძესა და ირაკლი კირცხალიას მიმართა გიორგი დავითაძის მამამაც, ავთანდილ დავითაძემ. კირცხალიამ 3 ოქტომბერს პატიმარზე შესაძლო სექსუალურ ძალადობას „უსუსური კამპანია“ უწოდა.
„ორივეს შეგირცხვეთ ნამუსი. გამართლების მიზნით რა მაგალითი მოჰყავთ? – აქამდე სად იყვნენო. თქვე არაკაცებო… ჯერ მადლობა თქვით, რომ ადამიანმა მკაცრი რეჟიმის ციხიდან სააშკარაოზე გამოიტანა ის შეურაცხყოფა, რაც თქვენმა დამპალმა სისტემამ შექმნა. აი, აქამდე ხართ თქვენ დასულები [აფრიალებს თეთრი ფერის რეზინის ხელთათმანს], შეიძლება ასე დამცინავად [საუბარი]?!, ნაცვლად იმისა, რომ ოჯახს გვერდში დაუდგეთ და გამოიძიოთ სრულყოფილად ამხელა ფაქტის აღიარება პატიმრის მხრიდან. ნაცვლად იმისა, რომ შეწუხდეთ და ოჯახს გვერდით დაუდგეთ, გამოდიხართ და კიდევ ოჯახს დასცინით…
მართლა ამ დონეზე ხართ დასულები, ხალხო?! [აფრიალებს თეთრი ფერის რეზინის ხელთათმანს], ან სად არიან ის პოლიტიკოსები, სავარძლებში რომ ჩამომჯდარან და მხოლოდ თანხმობაზე რომ ხართ მომართულები, მხოლოდ ამიტომ ზიხართ მანდ? გამოდით და დაგმეთ ის სიბინძურე, რაც ჩემმა შვილმა თავის თავზე გამოსცადა, აღიარა და სააშკარაოზე გამოიტანა…
მინდა, თავის თავზე გამოსცადონ უვიცმა პოლიტიკოსებმა, ვინც დღეს ასეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ჩაიყვანონ იქ, სადაც ჩემი შვილი იყო – ბადრაგის მიერ ჯურღმულში, და ჩაიტარეთ ყველამ ექპერიმენტი, „ქართული ოცნების” ლიდერებო და გადაიტანეთ ის სიბუნძურე, რაც ჩემს შვილს აკადრეს და მერე მიხვდებით, როგორ დასპეცებული არიან თქვენი ეს ჯალათი ბადრაგები და როგორ აუპატიურებენ პატიმრებს”, – განაცხადა ავთანდილ დავითაძემ.
2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გიორგი დავითაძემ რუსთავის N6 ციხის ბადრაგები გაუპატიურებაში დაადანაშაულა. კერძოდ, „ TV პირველმა“ სააპელაციო სასამართლოდან გაავრცელა პატიმარ გიორგი დავითაძის აუდიოჩანაწერი, რომელშიც მან თქვა, რომ ის „ბადრაგმა გააუპატიურა“ მას შემდეგ, რაც დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს. დავითაძემ ასევე თქვა, რომ ბადრაგები ამ დროს აყენებდნენ მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრები ხმის გარეშე. ვიდეო 4.5-წუთიანია. უწყებამ სიცრუე უწოდა დავითაძის განცხადებას და მის მიერ გაუპატიურების აღწერისას ნათქვამს.
პენიტენციური ირწმუნება, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება-დათვალიერებას, რაზეც „მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“. სწორედ ამიტომ, „დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.