ირაკლი კირცხალია პატიმარზე შესაძლო სექსუალურ ძალადობას „უსუსურ კამპანიას“ უწოდებს 

პუბლიკა

ირაკლი კირცხალია პატიმარზე შესაძლო სექსუალურ ძალადობას „უსუსურ კამპანიას“ უწოდებს.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი დავითაძის შესაძლო წამების შესახებ დასმული კითხვის პასუხად „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრა და თქვა, რომ „ვინც ახლა პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობს, თავად არის წამების, ღირსების აყრის, გაუპატიურების ავტორი და შემოქმედი“.

კირცხალია ირწმუნება, რომ პატიმარზე შესაძლო ძალადობაზე სწორედ „ნაცმოძრაობა“ და არასამთავრობო ორგანიზციები საუბრობენ და „მიზნად პენიტენციური სამსახურის რეპუტაციის შელახვას ისახავენ“.

გუშინ, 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გიორგი დავითაძემ რუსთავის N6 ციხის ბადრაგები გაუპატიურებაში დაადანაშაულა. კერძოდ, „ტვ პირველმა“ სააპელაციო სასამართლოდან გაავრცელა პატიმარ გიორგი დავითაძის აუდიოჩანაწერი, რომელშიც მან თქვა, რომ ის „ბადრაგმა გააუპატიურა“ მას შემდეგ, რაც დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს. დავითაძემ ასევე თქვა, რომ ბადრაგები ამ დროს აყენებდნენ მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრები ხმის გარეშე. ვიდეო 4.5-წუთიანია.

პენიტენციური ირწმუნება, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება-დათვალიერებას, რაზეც „მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“. სწორედ ამიტომ, „დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.

პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუე უწოდა დავითაძის განცხადებას და მის მიერ გაუპატიურების აღწერისას ნათქვამს, ხოლო პენიტენციური სამსახურის დირექტორმა გიორგი პატარიძემ მადლობაც გადაუხადა „მე-6 პენიტენციური დაწესებულების ყველა თანამშრომელს, ვინაიდან გიორგი დავითაძის შესახლების ვიდეოში არათუ ღირსების შემლახავ ფაქტებს – ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი”.

მსჯავრდადებულის დედამ თქვა, პენიტენციური დაწესებულების მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მომხდარს სრულად არ ასახავს და მასალა, რომელიც პროკურორმა აჩვენა, 20 წუთამდეა.

გიორგი დავითაძეზე სავარაუდო სექსუალური ძალადობა 2025 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველიც იყო ინფორმირებული. ომბუდსმენის აპარატის მიერ გუშინ, 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ბრალდების, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდების შესახებ აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა პროკურატურას და რომ უწყებამ მათი მიმართვის საფუძველზე გამოძიებაც დაიწყო.

თავად მოქმედმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ კადრებში „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რამე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა“.

ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დაწერა, რომ „პენიტენციურის მიერ გავრცელებული ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს იმას, რასაც გიორგი დავითაძე ყვება, ვიდრე გამორიცხავს“.