შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პუბლიკა

ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი

5 ოქტომბერს შავ ზღვაში სატვირთო გემზე ROYAD MAMMADOV დრონით თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 2 და დაკარგულია 13 ადამიანი. 

შემთხვევის შესახებ რუმინეთის ხელისუფლებამ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ გემზე აზერბაიჯანის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. 

რუმინელმა მაშველებმა გემიდან, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა და რომელიც რუმინეთის ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ მიცურავდა, 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია და აღნიშნა, რომ გემზე აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. რუმინეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს დაღუპულთა და დაკარგულთა მოქალაქეობების შესახებ. 

გემი თურქეთში რეგისტრირებულ კომპანიას ეკუთვნის, თუმცა ის სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ ცურავს.

ზელენსკი X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ამბობს, რომ გემი თურქეთის მფლობელობაში იყო და განაცხადა, რომ თავდასხმას მისი კაპიტანი ემსხვერპლა.

„სამწუხაროდ, გემის კაპიტანი დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანის ბედი დგინდება“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შავ ზღვაში გემზე ყოფნის დროს დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის მოქალაქეები ემსხვერპლნენ.

სექტემბერში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ გემ TEDY-ზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა. ივნისში აზოვის ზღვაში მცურავ გემზე თავდასხმის შედეგად კი ოთხი აზერბაიჯანელი ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. 

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.