რუსეთმა რამდენიმე ქართული კომპანიის სასმელების იმპროტი და გაყიდვა შეაჩერა

პუბლიკა

რუსეთმა ქართული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების რამდენიმე მწარმოებლის პროდუქტის იმპორტი და გაყიდვა შეაჩერა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსეთის მომხმარებელთა უფლებებისა და ადამიანის კეთილდღეობის დაცვის ფედერალურმა სამსახურმა დროებითი სანიტარიული ზომა აამოქმედა იმ მიზეზით, რომ „პროდუქტი ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებს, ასევე უსაფრთხოების დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.“

მედიის ცნობით, აკრძალვა შეეხო:

  • სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის“ ღვინოს;
  • სააქციო საზოგადოება „თბილღვინოს“ ღვინოს;
  • შპს „ასკანელი ძმების“ ღვინოსა და კონიაკს;
  • შპს „ვაინმენის“ ღვინოს;
  • სააქციო საზოგადოება „საქართველოს ლუდის კომპანიის“ ლუდს;
  • საქართველოდან შეტანილ სასმელ Coca-Cola-ს;
  •  მწარმოებელ „ჰელსი უოთერის“ მინერალურ წყალს „ნაბეღლავს“.

TV პირველს „თბილვინოს“ წარმომადგენელი ზურაბ მარგველაშვილი უდასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას და გამორიცხავს, რომ მათ პროდუქციაში რამე შეუსაბამოა.

„რაც წერია, მოგონილი მიზეზია, რომ ვერ ვაკმაყოფილებთ ხარისხის სტანდარტს. მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში ვყიდით და მაღალ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ. არ მგონია, რომ რუსეთში უფრო მაღალი სტანდარტი იყოს“, – ამბობს ის.