პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება რუსეთის მიერ ქართული სასმელების ნაწილის იმპორტსა და რეალიზაციაზე დაწესებული შეზღუდვების საკითხს სწავლობს და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება.
„ჩვენ ვერკვევით ამ საკითხში და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება. ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა კობახიძემ.
რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ნაწილის შეზღუდვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც. მან ხაზი გაუსვა, რომ აკრძალვა რამდენიმე კომპანიას შეეხო და არა მთლიანად ქართულ ღვინოსა თუ სასმელებს.
„როგორც ვიცით, რამდენიმე კომპანიის მიმართ არის [აკრძალვა] და არა ზოგადად ღვინის ან სასმლის. გასაკვირია, საფუძველი გაურკვეველია. ხელისუფლება გაერკვევა ამ საკითხში და იმედია, შეიცვლება ეს გადაწყვეტილება. ინტერპრეტაციები, რომლებიც მოვისმინეთ სხვადასხვა აქტორის მხრიდან, ცალკე ინტერპრეტაციებია და ჩვენ კონკრეტული საფუძველი გაურკვეველია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
10 ოქტომბერს რუსეთმა ქართული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების რამდენიმე მწარმოებლის პროდუქციის იმპორტისა და გაყიდვის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებებისა და ადამიანის კეთილდღეობის დაცვის ფედერალური სამსახურის (როსპოტრებნადზორის) განმარტებით, შეზღუდვა დროებითი სანიტარიული ზომაა. უწყების მტკიცებით, პროდუქცია ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების, ასევე უსაფრთხოების დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი არ არის.
შეზღუდვა შეეხო შემდეგ კომპანიებსა და პროდუქციას:
- სს „თელიანი ველი“ — ღვინო;
- სს „თბილღვინო“ — ღვინო;
- შპს „ასკანელი ძმები“ — ღვინო და კონიაკი;
- შპს „ვაინმენი“ — ღვინო;
- სს „ქართული ლუდის კომპანია“ — ლუდი;
- „კოკა-კოლა“ — საქართველოში წარმოებული გაზიანი გამაგრილებელი სასმელი;
- შპს „ჯანმრთელი წყალი“ — მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.