საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მანანა კობახიძის მოთხოვნა პარტიების აკრძალვის განხილვისგან თვითგანრიდების შესახებ

პუბლიკა

საკონსტიტიუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისგან თვითგანრიდება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ შუმადგომლობა არ დააკმაყოფილა.

მანანა კობახიძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საქმის განხილვისგან თვითგანრიდება იმ საფუძვლით მოითხოვა,  რომ მისი წარსული პოლიტიკური საქმიანობა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საჯარო კრიტიკა მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში, შესაძლოა, საფუძვლიან ეჭვს აჩენდეს ამ საქმის მიუკერძოებელ და ობიექტურ განხილვაზე.

მანანა კობახიძის განცხადებით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი იყო, ასევე პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც საჯაროდ აკრიტიკებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და კონკრეტულ წევრებს, რომლებიც ახლა სარჩელის სხვა ფიგურანტ პარტიებში არიან; მოითხოვდა პასუხისმგებლობის აღებას იმ ქმედებებზე, რომლებიც კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ამ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის მთავარ არგუმენტებად არის მოხმობილი.

„მეტიც, პარლამენტის ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე, რომელიც საჯაროდ გადაიცემოდა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მან პირდაპირ მოუწოდა პარტიის დაშლისა და პოლიტიკური ველიდან საერთოდ წასვლისაკენ“, – აღნიშნულია სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

მანანა კობახიძე მიუთითებს, რომ მოსამართლედ არჩევის შემდეგ ის მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად, მოსამართლის მაღალი პასუხისმგებლობით მოქმედებს და მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ამ გარემოებებმა შეიძლება მაინც გააჩინოს კითხვები მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე, რაც სასამართლოს ნდობას შეარყევს.

პლენუმმა კობახიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს განმარტებით, მისი წარსული პოლიტიკური განცხადებები ზოგადი ხასიათის კრიტიკა იყო და არ არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოსამართლე საქმეს მიკერძოებულად გადაწყვეტდა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ კობახიძის განცხადებები შინაარსით არ ემთხვეოდა სარჩელის მოთხოვნას.

„მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ გახმოვანებული კრიტიკა, საკუთრივ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ განხორციელდა მისი პოლიტიკური საქმიანობის პროცესში საკმაოდ დიდი ხნის წინ, განპირობებულია პოლიტიკური დაპირისპირების პათოსით და შინაარსობრივად შეიცავს მკაცრ, თუმცა ზოგადი ხასიათის კრიტიკულ გამონათქვამებს, რაც იმ პერიოდში დამახასიათებელი იყო იმ პოლიტიკური გუნდის პოზიციისათვის, რომლის წარმომადგენელიც იყო მანანა კობახიძე და, რასაც, ზოგადად, აჟღერებდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის არაერთი წევრი.

საკონსტიტუციო სასამართლო არ ეთანხმება მოსამართლე მანანა კობახიძის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სარჩელის და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ პროცედურული საკითხების განხილვაში მისმა ჩართულობამ, გამორიცხულია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს, საზოგადოებასა და, ზოგადად, ობიექტურ დამკვირვებელს, გაუჩინოს ეჭვები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიკერძოებასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრობისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში გაკეთებული საჯარო განცხადებების შინაარსის, ფორმისა და კონტექსტის, აგრეთვე, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხებთან ამ განცხადებების მჭიდრო და პირდაპირი კავშირის არარსებობის პირობებში, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს, საზოგადოებასა და ობიექტურ დამკვირვებელს არ უნდა გაუჩინოს ცალსახა და დამაჯერებელი ვარაუდი, რომ მოსამართლე მანანა კობახიძე სარჩელის განხილვისას დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მოსამართლის ფიცს და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პრინციპებს“, – წერს პლენუმი განჩინებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლის თანამდებობაზე განწესებამდე მის მიერ პოლიტიკური აქტივობისას გაკეთებული განცხადებების შინაარსის, თუნდაც მკაცრი კრიტიკის პირობებში, აცილების წინაპირობად განსაზღვრა, გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის პარალიზებას და უარყოფითად აისახება ამ ინსტიტუციის როგორც მიუკერძოებლობაზე, ასევე ობიექტურობაზე.