პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გამართული სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელ პროცესზე ვიდეომტკიცებულების სახით გამოიკვლიეს ბიძინა ივანიშვილის 2024 წლის ინტერვიუ.
საუბარია ტელეკომპანია „იმედთან“ საპარლამენტო არჩევნების წინ ჩაწერილ ინტერვიუზე, რომელშიც „ოცნების“ დამფუძნებელმა გიორგი გახარია გააკრიტიკა და მას „გარეწარი“ უწოდა, ხოლო მისი გუნდის წევრებს გასამართლებას დაპირდა, რადგანაც მის გვერდით დგომისთვის „მკაცრ სასჯელს იმსახურებენ“.
ბერდია სიჭინავას თქმით, დღევანდელ პროცესზე გამოკვლეული არაერთი ვიდეომტკიცებულება საკმარისია იმისთვის, რომ ობიექტური სასამართლოს პირობებში საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგეს, თუმცა ის აღნიშნავს, რომ ასეთი განაჩენის მოლოდინი არ აქვთ.
„დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა. ვიდეო მტკიცებულებები წარმოდგენილია 2016 წლიდან მოყოლებული ჩორჩანაში რა პროცესებიც ვითარდებოდა და განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა 2019 წლის თებერვალზე, როდესაც იანვრის ბოლოდან უკვე აღმოაჩინეს მონიშვნები ყვითელი საღებავებით. ვიდეო მტკიცებულებებით არის დადასტურებული, რას საუბრობს 2019 წლიდან მოყოლებული მოსახლეობა, როგორ იტაცებდნენ იქაურ მცხოვრებლებს, როგორ აჩერებდნენ და იტაცებდნენ მანქანებს, მათ შორის, საქონელსაც და ა.შ.
ამ ვიდეო მტკიცებულებების, ამ ვიდეო სიუჟეტების შემდეგ, რომლებიც ადასტურებენ ჩვენს მიერ მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს, არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩენილიყო. მარტო ეს ვიდეო მტკიცებულებები კმარა იმისთვის, რომ დადასტურდეს საქმეში პოლიტიკური მოტივაცია და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დევნა გიორგი გახარიას მისამართით, რასაც „ქართული ოცნების“ მართლმსაჯულება აკეთებს დღეს.
ასევე, წარმოდგენილი იყო ვიდეო სიუჟეტები, რას საუბრობდა ვახტანგ გომელაური 2019 წელს ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით და დღეს როგორ ცვლის თავის ჩვენებას, რას საუბრობდა თეა წულუკიანი და რას საუბრობს დღეს, რას საუბრობდა ანრი ოხანაშვილი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა შემდეგ და რას საუბრობს კონკრეტულ შემთხვევაში დღეს, რას საუბრობდა დავით მათიკაშვილი და „ქართული ოცნების“ წვრილფეხობა და რას საუბრობენ დღეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გამოვიკვლიეთ, არის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ არის ჩაწერილი და სადაც მან, ფაქტობრივად, შეუკვეთა ის მართლმსაჯულება, რომელიც დღეს მიმდინარეობს სასამართლოში. მან პირდაპირ თქვა, რომ გიორგი გახარიასა და მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ დაიწყებდა სამართლებრივ პროცედურებს. სასამართლოს დონეზე გვაქვს დალაგებული ყველაფერიო, ამას აანონსებდა ეს ადამიანი და ეს ინტერვიუც დღეს სასამართლო დარბაზში გავიდა.
ეს სიმბოლურია, მაგრამ ამას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მათ შორის, როდესაც შიდა სახელმწიფოებრივ მექანიზმებს ამოწურავს ჩვენი მხარე და საქმეს სტრასბურგში წაიღებს იმიტომ, რომ ამ ინტერვიუში პოლიტიკური დევნა იკვეთება, რომელიც პირდაპირ ადასტურებს იმ სიტუაციას, რაც მართლმსაჯულებას აქვს გიორგი გახარიასთან მიმართებაში“, – „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჩორჩანის საგუშაგოს საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის მტკიცებით, 2019 წლის 24 აგვისტოს გიორგი გახარიამ, რომელიც იმ დროს შს მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იყო, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებისა და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციის გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის გადაწყვეტილება. შედეგად, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოექცა დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივი და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები, რასაც შეიარაღებული კონფლიქტის რეალური საფრთხე მოჰყვა.
2019 წლის აგვისტოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ჩორჩანის ტყეში, ოკუპირებულ სოფელ წნელისთან ახლოს, დამატებითი საპოლიციო საგუშაგო განათავსა. ამის პარალელურად, სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა.
29 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმმა ერგნეთის IPRM შეხვედრა ჩაშალა და ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა. ქართულმა მხარემ მოთხოვნა არ შეასრულა და საგუშაგოს გამაგრება გააგრძელა. იმავე პერიოდში ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
30 აგვისტოს ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელმა ანატოლი ბიბილოვმა წნელისში შეიარაღებული ძალები გადაისროლა, ხოლო ოკუპირებული წნელისიდან შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ჩორჩანის ტყეში გზა გაიყვანა და ორი საგუშაგო მოაწყო.