ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო შიო III-ს: ტერიტორიული პრეტენზიების რელიგიური ლოზუნგებით შენიღბვის მცდელობა რეალობას არ ცვლის

პუბლიკა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის, შიო III-ის განცხადებას ეხმაურება.

შიო III-მ 11 ოქტომბერს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსა და ემიგრანტებს მიმართა:

„დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენით და სიყვარულით დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით ეს ასეც იქნება და ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული“, – თქვა მან.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „ცნებებით მანიპულირება და ტერიტორიული პრეტენზიების რელიგიური ლოზუნგებით შენიღბვის მცდელობა რეალობას არ ცვლის“.

„განცხადებები „უძველეს ისტორიულ მიწებზე“ და მოწოდებები, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს „შეუერთდეს“, რწმენისა და ძმობის შესახებ ჩვეული მსჯელობის ფონზე, სხვა არაფერია, თუ არა ძველი პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება ახალი, სულიერი შეფუთვით.

სამწუხაროდ, ქართველი სასულიერო პირები, ისევე როგორც პოლიტიკური მოღვაწეები, კვლავ განაგრძობენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიმართ არაკორექტული ტერმინოლოგიის გამოყენებას და მას დამამცირებელი ტერმინით – „ცხინვალის რეგიონით“ – მოიხსენებენ“, — განაცხადეს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დე ფაქტო საგარეოს განცხადებით, საერთაშორისო სტრუქტურების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების პროცესის შემაჯამებელ დოკუმენტებს, რომლებშიც სამხრეთ ოსეთი თავისი ფაქტობრივი სახელწოდებით არის მოხსენებული, საქართველოს უფლებამოსილი პოლიტიკოსების ხელმოწერები აქვს.

„ცალკე უნდა შევჩერდეთ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებით საქართველოს ე.წ. უძველესი ისტორიული მიწების შესახებ თეზისზე და გავიხსენოთ, რომ ისტორიული ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს.

ეს ასევე ეხება ერთიანი საქართველოს ცნებას, რომელიც ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით ფორმითა და შინაარსით სრულიად განსხვავებულ წარმონაქმნს წარმოადგენს“, — ნათქვამია განცხადებაში.

საოკუპაციო რეჟიმის თქმით, საქართველოს ეკლესიის მეთაურს არ უხსენებია „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ტანჯვა და არ გამოუხატავს სინანული ქართველი პოლიტიკური რეჟიმების მიერ ოსი და აფხაზი ხალხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო, თუმცა იმედი გამოთქვა „ძმური ერთობისა და სიყვარულის აღდგენის“ შესახებ“.