ნათია სონღულაშვილი „იმედის“ წილის მფლობელი აღარ არის, მაგდა ანიკაშვილი კი ახალი მეწილეა

პუბლიკა

საჯარო რეესტრში დღეს, 2026 წლის 16 ოქტომბერს ასახული ცვლილებებით, „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია სონღულაშვილი „იმედის“ წილის მფლობელი აღარ არის, მაგდა ანიკაშვილი კი ახალი მეწილეა.

ნათია სონღულაშვილი მამუკა მდინარაძესთან დაახლოებული პირია.

მას შემდეგ, რაც ირაკლი რუხაძემ 2026 წლის თებერვალში „იმედი“ სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად გაყიდა, ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელს „იმედის“ მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილები გადაუფორმეს. ნათია სონღულაშვილმა მაშინ 10%-იანი წილი სიმბოლურ 100 ლარად იყიდა.

რეესტრის დღევანდელი მონაცემებით, მეწილეებს შორის არ არის არც ილია მიქელაიშვილი, რომლის კომპანია „პრაიმ მედია გლობალიც“ მანამდე „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 50%-იან წილს ფლობდა, ასევე წილები დათმო ვასილ კალანდარიშვილმა.

რეესტრის თანახმად, დღეის მდგომარეობით, წილები ასეა განაწილებული:

  • მარიამ ლომიძე – 25%;
  • ირაკლი ჩიხლაძე – 25%;
  • მაია ჩიგოშვილი – 25%;
  • მაგდალინა ანიკაშვილი – 25%.

დოკუმენტების თანახმად, წილები სიმბოლურ ფასად გაიყიდა: ნათია სონღულაშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმა თავიანთი 10-10%-იანი წილები 100-100 ლარად გაყიდეს, „პრაიმ მედია გლობალმა“ კი 50%-იანი წილი 500 ლარად გაასხვისა.

როგორ შეიცვალა „იმედის“ მფლობელობა

ტელეკომპანიის მფლობელობაში ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი რუხაძემ 2026 წლის 6 თებერვალს „იმედის“ გაყიდვის შესახებ განაცხადა. ტელეკომპანია სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად გაიყიდა.

გაყიდვის შედეგად, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 50%-იანი წილი „პრაიმ მედია გლობალს“ გადაეცა, დარჩენილი 50% კი „იმედის“ გენერალური დირექტორის, მაკა ლომიძისა და მისი ოთხი მოადგილის მფლობელობაში გადავიდა. შემდგომ პერიოდში კომპანიის წილები ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელზე გადანაწილდა.

2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, ორივე ტელევიზია რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაშია ჩართული. სანქციები აქტივების გაყინვას, სატრასტო მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვას ითვალისწინებს.

სანქციების დაწესების მომდევნო დღეს, 25 თებერვალს, „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს ოთხმა წევრმა, მათ შორის ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ, საბჭოს დატოვების შესახებ საჯარო რეესტრს მიმართა. განცხადებების დაკმაყოფილების შემდეგ საბჭოში მხოლოდ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, მაკა ლომიძე დარჩა.

13 მარტს მაკა ლომიძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა. საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, თავმჯდომარედ ირაკლი ჩიხლაძე აირჩიეს, მის მოადგილედ კი – ნათია სონღულაშვილი.

საბჭოს ახალ შემადგენლობაში შვიდი წევრი იყო: ირაკლი ჩიხლაძე, ნათია სონღულაშვილი, მაგდალინა ანიკაშვილი, მაკა ლომიძე, ვასილ კალანდარიშვილი, მაია ჩიგოშვილი და ილია მიქელაიშვილი.

მათ შორის, ირაკლი ჩიხლაძე, ნათია სონღულაშვილი, მაკა ლომიძე, ვასილ კალანდარიშვილი და მაია ჩიგოშვილი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10-10%-იან წილებს ფლობდნენ, ილია მიქელაიშვილთან დაკავშირებული კომპანია „პრაიმ მედია გლობალი“ კი კომპანიის 50%-ის მფლობელი იყო.

ოქტომბერში ასახული ბოლო ცვლილებების შედეგად, „იმედის“ მფლობელი კომპანიის წილები ოთხ მეწილეზე თანაბრად გადანაწილდა, ხოლო ნათია სონღულაშვილი, ვასილ კალანდარიშვილი და „პრაიმ მედია გლობალი“ მეწილეთა სიაში აღარ არიან.