ახალ საქმეში ღარიბაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულება ბურჭულაძის ჩვენებაა - ადვოკატი

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილიკო გელაშვილი წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წარდგენილი ახალი ბრალი მხოლოდ ვასილ მხეიძის ირიბ და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებას ეფუძნება. ადვოკატის თქმით, საქმეში, რომელიც 48 ტომისგან შედგება, ბრალს მხოლოდ ეს ჩვენებები ადასტურებს და სამართლიანი სასამართლოს პირობებში გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარისი არ უნდა იყოს, მაგრამ ამ პირებისთვის შემცირებული სასჯელები მისთვის იმის მანიშნებელია, რომ მათ ღარიბაშვილის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება ხდება.

„19 ოქტომბერს იწყება წინასასამართლო სხდომა ირაკლი ღარიბაშვილის ახალ შეთითხნილი ქრთამის აღების საქმეზე. ვიწყებთ სამართლებრივ დავას, რომელიც სამართლიანი, მიუკერძოებელი, პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლოს პირობებში, აუცილებლად გამამართლებელი განაჩენით უნდა დასრულდეს!

რატომ? საზოგადოებას აქამდე უწევდა მხოლოდ ბრალდების ვერსიის მოსმენა , რეალურად კი სულ სხვა მოცემულობაა.

ბრალდების მხარემ გაგვიცვალა სრულად ს/სამართლის საქმის მასალები და 48 ტომ საქმეში, კი, ნამდვილად 48 ტომ საქმეში, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალის მადასტურებელი მხოლოდ მხეიძის ირიბი და ბურჭულაძის მიცემული ჩვენებაა და ისიც არასრულყოფილი! არ ვაჭარბებ!

მაშინ, როცა ბრალდების მხარის ვერსიაში საკვანძო როლს მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება ასრულებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს: რას ადასტურებს ეს ჩვენება? არსებობს თუ არა მისი დამადასტურებელი დამოუკიდებელი მტკიცებულებები? რამდენად თანმიმდევრულია ჩვენება და რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს თავად მოწმეს?

საქმის არსებითი განხილვის დროს აუცილებლად გაეცემა ამ კითხვებს პასუხი, მაგრამ ერთი ხომ უკვე ცხადია? დასახელებულმა მსჯავრდებულებმა, ი.ღარიბაშვილზე ხელის დადებით, ფაქტობრივად თავისუფლება იყიდეს: 10 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუმესამედეს და ზოგიერთმა საპატიმროც დატოვა!

მსგავსი „გარიგებული მართლმსაჯულება“ ხომ პირდაპირი დასტურია იმისა, რომ საქმე გვაქვს არა კანონის უზენაესობასთან, არამედ პოლიტიკურ შეკვეთასთან. სწორედ ამ გარემოებაზე და არა მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით ჩნდება მთავარი კითხვა: რეალურად რა დგას ამ საქმის უკან, სამართლებრივი საფუძვლები თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?“, – წერს ლილიკო გელაშვილი.

მისი თქმით, პოლიტიკურ სარჩულზე ისიც მიანიშნებდა, როგორ წარიმართა ღარიბაშვილის წინააღმდეგ პირველი საქმეც. ლილიკო გელაშვილს მაგალითად მოჰყავს პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრები, რომელშიც მისი თქმით, ჩანდა ოქროს ზოდები ისე, რომ არ იკვეთებოდა ვისთან იპოვეს ისინი, საბოლოოდ კი ისე წარმოჩინდა, თითქოს მათ ღარიბაშვილი ინახავდა.

„ღარიბაშვილის დაკავებამდე გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტარდებოდა ჩხრეკები სხვადასხვა პირთან და დაასახელა მათ შორის ღარიბაშვილის გვარი, შემდეგ კი საზოგადოებას საგამოძიებო ორგანომ საჯაროდ აჩვენა ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, მათ შორის ოქროს ზოდები და სხვადასხვა ძვირფასეულობა და არ მიუთითა კონკრეტული სახელები, თუ ვისი სახლიდან ამოიღეს.

ეს იყო არა შეცდომა, არამედ შეგნებულად, დავალებით გასაჯაროებული კადრები, გათვლა იმაზე, რომ საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილს სახელს დაუკავშირებდა და გააღიზიანებდა ხალხს და ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა დავწერეთ ამის შესახებ, ტალახი უკვე ნასროლი იყო!“ – წერს ადვოკატი.

მას შემდეგ კი, რაც მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი „გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე“ დასთანხმდა 5-წლიან ბრალს და ამაზე საუბარი არ დაუწყია, მას მაინც მოსთხოვეს ახალი ბრალის აღიარება. ოფიციალურად კი ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც ღარიბაშვილმა საჯაროდ დაიწყო საუბარი.

„წერილი შეუგზავნეს ამა წლის ივლისის თვეში. ამ პერიოდისთვის მხეიძეც, ტუკვაძეც და ბურჭულაძეც დაკითხულებიც არიან და განაჩენიც არის დამდგარი. მათ არაფერი უთქვამთ ღარიბაშვილიზე ქრთამის მიცემაზე. ისინი, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაიკითხნენ აგვისტოს თვეში (18-21 აგვისტოს).

საინტერესოა, ივლისის თვეში საიდან უნდა სცოდნოდა მამუკა მდინარაძეს, (ირაკლიმ დაწერა საჯაროდ, რომ წერილი მდინარაძემ შეუგზავნა), რომ ბურჭულაძე აგვისტოს თვეში ღარიბაშვილზე ჩვენებას მისცემდა? მე რომ არ ვუპასუხო, თქვენც ხომ ხვდებით, პატივცემულო მკითხველო?

და საერთოდ: როგორ მოხდა, რომ, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა, საჯაროდ, სოციალური ქსელით გამოაქვეყნა წერილი და დაასახელა კონკრეტული პიროვნება, მაღალი თანამდებობის პირი – მამუკა მდინარაძე წერილის ავტორად, წერილის, რომლის შინაარსიც დანაშაულებრივ ნიშნებს შეიცავდა, რატომ არ დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება? იქნებ ცილს წამებდა ღარიბაშვილი? გამოძიების დაწყება სასურველი კი არა, აუცილებელიც იყო, მით უფრო, რომ შემდგომში სიტყვა-სიტყვით ასრულდა წერილში მოყვანილი ყველა “ფაქტი”!

იმავე წერილში განა ერთმნიშვნელოვნად არ იკითხება, რომ რაიმე კორუფციული ქმედების გამოვლენა-აღკვეთა კი არ წარმოადგენდა მათ ინტერესს, არამედ ახალი მძიმე ბრალი, მხოლოდ საშუალება იქნებოდა ღარიბაშვილის პოლიტიკურად გასანეიტრალებლად, და რომ რეალურად ციხეში, პატიმრობაში მყოფი ყოფილი თანაგუნდელი მათზე რეიტინგული და მეტი ღირსების მატარებელი იყო. ხალხს ის უყვარდა, მათგან განსხვავებით და მისი სახელი მექრთამეობასთან და კორუფციასთან უნდა გაეგივებინათ.

განა ეს არაა კლასიკური მაგალითი პოლიტიკური ნიშნით დევნისა? განა მისი ოჯახის წევრების სამსახურებიდან დათხოვნა სხვა დატვირთვის მატარებელია? და რომ მცირეწლოვან შვილებთან პაემანს უუქმებენ, ჰუმანურობის გამოხატულებაა?..

…მე აღარ მინდა ავადსახსენებელი 37-იანი წლები, სამართალწაგვრილი 9 წლიანი რეჟიმიც და მინდა მჯეროდეს, რომ ტყუილად არ გვიბრძოლია დამოუკიდებელი სასამართლოსთვის. მე მინდა მიუკერძოებელი, პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი მოსამართლე, რომელიც ერთი, თავისუფლებაში გაცვლილი ჩვენებით არ დაადგენს გამამტყუნებელ განაჩენს! მე მინდა სასამართლო, რომელიც არა ირაკლი ღარიბაშვილს, არამედ საკუთარ თავს, საკუთარ ინსტიტუციას არ გამოუტანს განაჩენს! მე მინდა სამართლებრივი სახელმწიფო! განა ეს ბევრია?“, – წერს ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილიკო გელაშვილი.


პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება.

გამოძიების ვერსიით, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ჯამში 750 000 ლარი მიიღო.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე 2022 წლიდან თავდაცვის სამინისტროს მიერ საიდუმლო შესყიდვებს ეხება. გამოძიების თანახმად, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი ნათესავი ვასილ მხეიძე ერთ-ერთ ბიზნესმენს დაჰპირდნენ, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში მასთან დაკავშირებული კომპანიები გარანტირებულად გაიმარჯვებდნენ. სანაცვლოდ ბიზნესმენს ხელშეკრულებების ღირებულების დაახლოებით 10%-ის გადახდა მოსთხოვეს.

პროკურატურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრი იყო, აღნიშნულ სქემას „სამსახურებრივი მფარველობა გაუწია და ასევე მოითხოვა უკანონო ფინანსური სარგებლის მიღება“.

უწყების განცხადებით, აღნიშნული სქემით სახელმწიფოს 6.98 მილიონ ლარზე მეტი ქონებრივი ზიანი მიადგა.