კობახიძე: ვერანაირი ფორმით ვერ ვაღიარებთ ე.წ. სახელმწიფოებს

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ვერანაირი ფორმით ვერ აღიარებს ე.წ. სახელმწიფოებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და მათთან ვერავითარი ხელშეკრულება ვერ დაიდება.

კობახიძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი კვლავ მოითხოვს საქართველოსგან „ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების გაცემას“.

„ჩვენ ვერანაირი ფორმით ვერ ვაღიარებთ ე.წ. სახელმწიფოებს, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდან ვერანაირად ვერ იქნება ვერც ირიბი ფორმით აღიარებული, შესაბამისად, მათთან ვერავითარი ხელშეკრულება ვერ დაიდება და, ბუნებრივია, ეს იქნება ის პოზიცია, რომელსაც გამოხატავს სპეციალური წარმომადგენელი, ძალიან მარტივად არის საქმე“, – განაცხადა მან.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

საქართველოს თავდაუსხმელობის ვალდებულება წლებია, აღებული აქვს, ცალმხრივად, მათ შორის გაეროსა და ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან და ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის წინაშე, როცა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.

თუმცა რუსეთი ცდილობს, კონფლიქტის მხარეებად აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები აქციოს, ხოლო თავად ეს სტატუსი მოიხსნას. ქართული მხარისთვის ეს ინიციატივა მიუღებელია.

რუსეთის საგარეო უწყებამ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებაზე სხვადასხვა დროს რამდენიმე განცხადება გაავრცელა.

დღეს, 21 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.

კობახიძის თქმით, „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“. მისივე თქმით, ჟენევის ფორმატთან ერთად სპეციალურ წარმომადგენელს ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.

კობახიძის თქმით, გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას.

ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთში, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე წულაძის ხელმძღვანელობით „ბევრი რამ გაკეთდა“, თუმცა დაინახეს „რომ დამატებით ძალიან მნიშვნელოვანია სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება“.

კობახიძისვე თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში „რამე ახალი ეტაპი არ იწყება“.