რუსეთი კვლავ მოითხოვს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ „ძალის გამოუყენებლობაზე გარანტიების გაცემასა და საზღვრების დელიმიტაციას“

პუბლიკა

რუსეთი საქართველოსგან კვლავ მოითხოვს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ „ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების გაცემასა და საზღვრების დელიმიტაციას“, რასაც „შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს“.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 9 ოქტომბრის განცხადებაშია ნათქვამი.

„9 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების [ჟენევის დისკუსიები] თანათავმჯდომარეებთან – გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში.

ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში დეტალურად განიხილეს მიმდინარე საკითხები, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატის დღის წესრიგში დგას.

რუსულმა მხარემ კვლავ ხაზი გაუსვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას.

პრაქტიკული თვალსაზრისით, ყურადღება უნდა გამახვილდეს, უპირველეს ყოვლისა, კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, მათ შორის, ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემაზე, ასევე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს“, – ნათქვამია განცხადებაში.


ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

საქართველოს თავდაუსხმელობის ვალდებულება წლებია, აღებული აქვს, ცალმხრივად, მათ შორის გაეროსა და ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან და ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის წინაშე, როცა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.

თუმცა რუსეთი ცდილობს, კონფლიქტის მხარეებად აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები აქციოს, ხოლო თავად ეს სტატუსი მოიხსნას. ქართული მხარისთვის ეს ინიციატივა მიუღებელია.

ამავე დროს, 2024 წლის 14 სექტემბერს, „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილმა გორის მოსახლეობას მიმართა, აგვისტოს ომთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და თქვა:

„ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.

„ქართული ოცნების” წევრები იმეორებენ, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო. 2005 წლის 7 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ომი, დიფ სთეითის” დაკვეთით დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა”.

ამასთან, „ქართული ოცნების” პარლამენტში თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მომუშავე საპარლამენტო კომისიაზე, რომელიც „ენმ-ის დანაშაულებს შეისწავლის”, 2008 წლის ომთან დაკავშირებით არაერთი ადამიანი გამოჰკითხეს. თეა წულუკიანმა ომის კონტექსტში თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიდგომა არ არის, ჯარი იქცეს პოლიტიკოსების ხელში მსხვერპლად”.

რუსეთის ხელისუფლება იწონებს „ქართული ოცნების” წევრების განცხადებებს.