აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან სადიგოვის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი თქვა

პუბლიკა

ლენქორანის მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 23 ოქტომბერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ ასევე გადადო გადაწყვეტილების მიღება მინის კაბინიდან ჟურნალისტის სასამართლო დარბაზში გაყვანის საკითხზე. სადიგოვს ბრალი გამოძალვის მუხლით აქვს წარდგენილი, რასაც ჟურნალისტი არ აღიარებს – ბრალდების თანახმად, აფგან სადიგოვი შანტაჟის გზით ფულს სთხოვდა ნეფთჩალის რაიონის ქურქანდის სოფლის აღმასრულებელ წარმომადგენელს, ფატულა მურადოვს, ასევე ნეფთჩალის რაიონის ხაზარქანდის სოფლის მერს.

როგორც გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ (Caucasian Knot) წერს, 23 ოქტომბერს ლენქორანის მძიმე დანაშაულთა სასამართლოში სადიგოვის საქმეზე მოსამზადებელი/წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და ჟურნალისტის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

ბრალდებულის ცოლის, სევინჩ სადიგოვას ცნობით, ადვოკატმა ნემათ ქერიმლიმ სასამართლოს განუმარტა, რომ აღმოფხვრილია ის გარემოებები, რომლებიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას დაედო საფუძვლად. შესაბამისად, ადვოკატის შეფასებით, არ არსებობდა ვარაუდის საფუძველი, რომ გათავისუფლების შემთხვევაში აფგან სადიგოვი მიმალვას ან მტკიცებულებების გაყალბებას შეეცდებოდა.

„ადვოკატმა სასამართლოს სთხოვა, ჟურნალისტი სასამართლო გამოძიების დასრულებამდე და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე გაეთავისუფლებინა“, – უთხრა სევინჩ სადიგოვამ „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს.

მისივე თქმით, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

ადვოკატმა ასევე მოითხოვა, რომ სადიგოვი სასამართლო დარბაზში მინის კაბინიდან გაეყვანათ და დაცვის მხარის წარმომადგენლის გვერდით დაესვათ. შუამდგომლობის დასასაბუთებლად მან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე მიუთითა, რომელთა თანახმადაც, ბრალდებულის ე.წ. „აკვარიუმში“ მოთავსება მის პატივსა და ღირსებას ლახავს და უფლებების განხორციელებას ართულებს.

თუმცა, როგორც სევინჩ სადიგოვამ აღნიშნა, სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა განუხილველად დატოვა და საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მომდევნო სხდომამდე გადადო. მომდევნო სხდომა 2 ნოემბრისთვის არის დანიშნული.

„კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტთან საუბრისას სევინჩ სადიგოვას ნათქვამი ადვოკატმა ნემათ ქერიმლიმაც დაადასტურა.

მისი თქმით, აფგან სადიგოვი არცერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჟურნალისტს ბრალი ედება „პირთა ჯგუფის მიერ შეთანხმებით, მუქარით გამოძალვაში“, „მნიშვნელოვანი ღირებულების ქონების დაუფლების მიზნით, მუქარით გამოძალვაში“ და „არაერთგზის ჩადენილ მუქარით გამოძალვაში“.

ქერიმლის განცხადებით, დაცვის მხარის პოზიცია სასამართლო განხილვების დროს იქნება წარმოდგენილი.

ლენქორანის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს თანამშრომელმა დაადასტურა, რომ სადიგოვის საქმეზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართა და მომდევნო სხდომები 1-2 ნოემბერს დაინიშნა. ბრალდების მხარის წარმომადგენლებთან კომენტარის მისაღებად დაკავშირება ვერ მოხერხდა.

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სადიგოვის წინააღმდეგ გამოძალვის საქმეზე ადრე შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნა განაახლა. 8 ივნისს სასამართლომ ჟურნალისტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბაქოს სააპელაციო სასამართლომ მისი პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ივნისის ბოლოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ოფლაერტმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა, მიეწოდებინა ინფორმაცია სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განახლების მიზეზების შესახებ. მან აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესის დაწყებამდე პატიმრობა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს.

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ჟურნალისტის საქმე სისხლისსამართლებრივ ბრალდებებს უკავშირდება და მის პროფესიულ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს. ივლისში სასამართლომ სადიგოვისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადა 30 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა.

აზერბაიჯანი აფგან სადიგოვის ექსტრადირებას მოითხოვდა იმავე საქმის საფუძველზე, რა საქმეზეც ის ახლაა დაპატიმრებული.

2025 წლის 28 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქართველოს ხელისუფლებას აუკრძალა აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში ექსტრადირება, სანამ საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

თუმცა, 2026 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანმა სადიგოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა. 4 აპრილს კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ღამის 4 საათზე საგანგებოდ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა „სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის საქმეზე“ – Facebook-პოსტის გამოსამართალდამრღვევად ცნო და მისი აზერბაიჯანში გაძევების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, სადიგოვს საქართველოში 3 წლით შემოსვლა აუკრძალა და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ამგვარად, ხელისუფლებამ სადიგოვის ექსტრადირების აკრძალვის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლის ფორმალური გზა იპოვა.

აზერბაიჯანში ჟურნალისტს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილი იყო, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს. თუმცა, საქმის შეწყვეტის პერიოდში მას ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს. ორგანიზაციამ „აზერბაიჯანის პოლიტპატიმართა თავისუფლებისთვის“ ავღან სადიგოვი პოლიტპატიმრად აღიარა.