მიქელაძე: სადიგოვის პატიმრობა დადასტურდა საქმეზე, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანი მის ექსტრადიციას მოითხოვდა

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის, პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა იმავე საქმეზე, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანი მის ექსტრადიციას მოითხოვდა.

მისი თქმით, გამოძიება და დევნა განახლდა თითქოს დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველზე.

მიქელაძე წერს:

„შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია იყო, რომ ამ საქმეზე ჟურნალისტის მიმართ გამოძიება და დევნა შეწყვეტილი იყო და, შესაბამისად, ექსტრადიციის მოთხოვნაც შეჩერდა, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა.

ახლა კი, აზერბაიჯანში დეპორტაციიდან 65 დღეში, ის იმავე საქმეზე, იმავე საფუძვლით დააკავეს.

ეს ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ეს პროცესი წინასწარ დაგეგმილი, კოორდინირებული და ფაბრიკაციული სპეცოპერაცია იყო, რომელშიც „ქართული ოცნების“ რეჟიმიც ღიად მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდეც აფგან სადიგოვი ამ საქმეზე არაერთხელ შეაჩერა აზერბაიჯანის პოლიციამ და ყოველ ჯერზე ჰპირდებოდნენ, რომ ეს ტექნიკური პრობლემა იყო და მისი შეჩერების მიზეზი მხოლოდ ის გახლდათ, რომ ბაზებში მონაცემები უნდა განახლებულიყო“, – წერს თამთა მიქელაძე.

2024 წელს Azel TV-ის ინტერნეტარხის დამფუძნებლის, აფგან სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, რაც მუქარით გამოძალვას გულისხმობს.

ბრალდების თანახმად, აფგან სადიგოვი შანტაჟის გზით ფულს სთხოვდა ნეფთჩალის რაიონის ქურქანდის სოფლის აღმასრულებელ წარმომადგენელს, ფატულა მურადოვს, ასევე ნეფთჩალის რაიონის ხაზარქანდის სოფლის მერს.

2024 წლის 4 აგვისტოს აფგან სადიგოვი საქართველოში აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი დაკავებისა და აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.

2025 წლის 28 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს აუკრძალა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სადიგოვმა, რომელიც 161 დღე შიმშილობდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პროტესტი დაასრულა.

აფგან სადიგოვი 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება საქართველოში და აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა.

2024 წლის 9 მაისს აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, 13 მაისს კი აზერბაიჯანულმა მხარემ ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

2024 წლის 18 ივლისს აფგან სადიგოვს ოჯახთან ერთად მცდელობა ჰქონდა, რომ გამგზავრებულიყო თურქეთში, რის საშუალებაც მესაზღვრეებმა არ მისცეს და უთხრეს, რომ მეუღლესა და შვილებს შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთა, თუმცა აფგან სადიგოვს მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო.

იმავე წლის 3 აგვისტოს ის საქართველოში დააკავეს. სადიგოვმა 9 თვე გაატარა საემიგრაციო პატიმრობაში. გათავისუფლების შემდეგ მას არ ეძლეოდა საქართველოს დატოვების შესაძლებლობა.

2026 წლის 4 აპრილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ღამის 4 საათზე საგანგებოდ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა „სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის საქმეზე“ სამართალდამრღვევად ცნო და მისი აზერბაიჯანში გაძევების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, სადიგოვს საქართველოში 3 წლით შემოსვლა აუკრძალა და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 1 აპრილს აზერბაიჯანში სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერება.

3 აპრილს ქართულმა სასამართლომ გააუქმა მასზე დაკისრებული გირაო და გადაადგილების შეზღუდვა. 4 აპრილს კი აფგან სადიგოვი თბილისში ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

2026 წლის 1 მაისს მან ბაქოში მიიღო საერთაშორისო პასპორტი, თუმცა როცა 26 მაისს აზერბაიჯანის დატოვება სცადა, მას ამის უფლება არ მისცეს.