უკრაინის ხერსონის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰუმანიტარული ოპერაციისთვის დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა. უკრაინის გენშტაბის 2 ნოემბრის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა შეთანხმების პირობები დაიცვეს, თუმცა რუსეთმა ჰუმანიტარული პაუზა საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად გამოიყენა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში რუსული ქვედანაყოფების როტაცია, პოზიციების გამაგრება, გზებზე ანტიდრონული საშუალებების გაფართოება და ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაზრდა დაფიქსირდა. უწყების ცნობით, რუსულ მხარეს, მათ შორის, საბრძოლო მასალები გადაჰქონდა.
უკრაინული მხარის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები შეთანხმებულ პირობებს იცავდნენ და ჰუმანიტარული ოპერაციის ფარგლებში მოქმედებდნენ.
„შედეგად, ჰუმანიტარული ტვირთი დანიშნულების ადგილზე მივიდა, ხოლო ოლეშკის დატოვების მსურველი უკრაინის მოქალაქეები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდნენ“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
ოლეშკისა და მიმდებარე ტერიტორიისთვის ექვსდღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწესება შესაძლებელი გახდა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობითა და რომის პაპ ლეო XIV-ის ჩართულობით.
შეთანხმება 27 ოქტომბერს ამოქმედდა და 1 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 22:59 საათზე დასრულდა.
ჰუმანიტარული ოპერაციის მიზანი ოკუპირებულ ქალაქში მცხოვრები მოსახლეობისთვის საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და სხვა აუცილებელი დახმარების მიწოდება, ასევე ქალაქის დატოვების მსურველთა უსაფრთხო ევაკუაცია იყო.
Reuters-ის ინფორმაციით, ქალაქში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებისას დაახლოებით 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. მოსახლეობას შეეძლო, დარჩენილიყო ქალაქში ან გადასულიყო უკრაინის ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ევაკუაციის მსურველთა გადაადგილებისთვის 25 ავტობუსი და ცხრა სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიყო. უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების მსურველებმა რთული მარშრუტი გაიარეს — რუსეთისა და ბელარუსის გავლით.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 1 ნოემბერს ხერსონის ოლქის საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან დამატებით 167 მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანეს. მათ შორის იყო 22 ბავშვი და გადაადგილების შეზღუდვის მქონე 21 ადამიანი, რომლებსაც სპეციალური დახმარება სჭირდებოდათ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბრისას დადებითად შეაფასა ოლეშკიში ჩატარებული ჰუმანიტარული ოპერაცია და ორი ქვეყნის ომბუდსმენებს შორის კოორდინაცია.
უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ორივე მხარე აღებულ ვალდებულებებს ასრულებდა. მისი თქმით, უკრაინული და რუსული მხარეები მსგავსი ჰუმანიტარული ოპერაციების გაგრძელების შესაძლებლობასაც განიხილავენ.
ამასთან, Associated Press-ისა და Al Jazeera-ს ცნობით, უკრაინულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელების წინადადება წამოაყენა, თუმცა, უკრაინელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, რუსეთმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.