სახალხო დამცველმა ენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების კონფიდენციალურობის დაცვისა და მათი შეუფერხებლად გატანის უზრუნველყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრს რეკომენდაციით მიმართა.
სახალხო დამცველის შეფასებით, ადვოკატის სამუშაო ჩანაწერები შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის, დაცვის მხარის მიერ შემუშავებულ ვერსიებს, მტკიცებულებათა შეფასებას, მოწმეების დაკითხვის დეტალებს და სასამართლო პროცესისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს. ომბუდსმენის თქმით, აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა აუცილებელია ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობისა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისთვის.
ამავე განცხადების მიხედვით, ადვოკატის პროფესიული ჩანაწერები უნდა გაიმიჯნოს პატიმრის კორესპონდენციისგან და მათზე კორესპონდენციისთვის დადგენილი წესები ავტომატურად არ უნდა გავრცელდეს.
„მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩანაწერი პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმართან შეხვედრისას შეიქმნა, თავისთავად არ არის საკმარისი მისი პატიმრის კორესპონდენციად მისაჩნევად“, – წერს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენმა პაატა სალიას მიმართა რეკომენდაციით, შეიმუშაოს/დააზუსტოს ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების შეტანისა და გატანის მკაფიო პროცედურა.
ამასთან, ჩანაწერების უსაფრთხოების მიზნით, უნდა შემოწმდეს მხოლოდ აუცილებელი და კანონით დასაშვები ღონისძიებების ფარგლებში; პროცედურებმა უნდა გამორიცხოს ჩანაწერების შინაარსის არასათანადო გაცნობის, მათი ასლების გადაღების, შენახვისა და გამჟღავნების რისკები.
„სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა შესაბამისი პროცედურები უნდა ეფუძნებოდეს კანონიერ საფუძველს და იყოს აუცილებელი და პროპორციული. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულმა ღონისძიებებმა არ უნდა შეზღუდოს ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელება“, – წერია განცხადებაში.
7 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ ადვოკატ ჯუბა ქათამაძეს, რომელიც ციხეში გიორგი დავითაძეს შეხვდა, საქმიანობაში ხელი შეუშალეს, კერძოდ, დავითაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დაწესებულების დატოვებისას, ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება.
პენიტენციურმა სამსახურმა საპასუხოდ განმარტა ციხიდან წერილების გაგზავნაზე პატიმრის უფლებები და აღნიშნა, რომ ზოგ შემთხვევაში წერილების შინაარსი მოწმდება და გაგზავნა იზღუდება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მისი შინაარსი საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს.
ამავე განცხადებაში პენიტენციური წერს, რომ პატიმარს უფლება აქვს, შეუზღუდავად შეხვდეს ადვოკატს, თუმცა საკანონმდებლო აქტის არცერთი ნორმა არ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებას, ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი.
პენიტენციური სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა ადვოკატთა ასოციაცია. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ადვოკატის მხრიდან დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრისას შექმნილი ჩანაწერი არ არის პატიმრის კორესპონდენცია, არამედ არის ადვოკატის მხრიდან საადვოკატო საქმიანობის პროცესში შექმნილი ადვოკატის ჩანაწერი და ის არ უნდა განიმარტოს, როგორც პატიმრის კორენპონდენცია, ეს ორი ცნება უნდა იქნეს გამიჯნული ერთმანეთისგან.
„ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ნებისმიერი ნორმა უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ გამოირიცხოს საადვოკატო საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა და უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს კონსტიტუციითა და ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებული უფლებები“, – განაცხადა ასოციაციამ.
10 ოქტომბერს პაატა სალიამ განმარტა, რომ პენიტენციური დაწესებულებებიდან ადვოკატებისთვის საქმის შესახებ გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის შეზღუდვის პრაქტიკა ორ საკითხს უკავშირდება:
ერთი მხრივ არსებობს პრობლემა, რომ ეს, შესაძლოა, ხელს უშლიდეს ადვოკატის საქმიანობას და კლიენტთან მისი ურთიერთობის კონფიდენციალურობას, თუმცა მეორე მხრივ არსებობს პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოება.
პაატა სალიას თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბოროტად ისარგებლეს ამ პრაქტიკით და დახურული ტიპის დაწესებულებებში პატიმრებს შორის კომუნიკაციისთვის გამოიყენეს.