იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულებებიდან ადვოკატებისთვის საქმის შესახებ გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის შეზღუდვის პრაქტიკა ორ საკითხს უკავშირდება:
ერთი მხრივ არსებობს პრობლემა, რომ ეს, შესაძლოა, ხელს უშლიდეს ადვოკატის საქმიანობას და კლიენტთან მისი ურთიერთობის კონფიდენციალურობას, თუმცა მეორე მხრივ არსებობს პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოება.
პაატა სალიას თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბოროტად ისარგებლეს ამ პრაქტიკით და დახურული ტიპის დაწესებულებებში პატიმრებს შორის კომუნიკაციისთვის გამოიყენეს.
იუსტიციის მინისტრმა ამის შესახებ „იმედის“ „ღია ეთერში“ ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის შეკითხვების საპასუხოდ ისაუბრა.
ბექა ნემსიწვერიძემ პაატა სალიას ჰკითხა პენიტენციური სამსახურის გაკეთებულ განცხადებაზე, რომლითაც უწყებამ კლიენტთან საუბრის დროს ადვოკატის მიერ საქმის შესახებ გაკეთებული ჩანაწერები ციხიდან კორესპონდენციის გაგზავნის წესთან დააკავშირა და ამით ახსნა, რატომ ვერ გამოიტანა საიას იურისტმა ჯუბა ქათამაძემ გიორგი დავითაძესთან შეხვედრის დროს გაკეთებული ჩანაწერები.
„დავითაძის საქმიდან გამომდინარე მოხდა ამაზე ხმამაღალი საუბარი მედიაში და ესეც, ჩვენი შეფასებით, ორკესტრირებული მცდელობის ნაწილი იყო, როდესაც ეს განცხადება გაკეთდა.
ესეც ერთ-ერთი პრობლემური საკითხი არის, გეთანხმებით, თუმცა აქ დადგა ორი საკითხი: არსებობს ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ადვოკატის და კლიენტის უფლება, რომ მათი კორესპონდენცია, მათი ურთიერთობა და ჩანაწერები იყოს დაცული, თუმცა მეორე მხრივ, არის პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოება და იყო შემთხვევები, როდესაც გარკვეულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს ეს უფლება“, – განაცხადა სალიამ.
შეკითხვაზე, არის თუ არა კლიენტთან შეხვედრის დროს ადვოკატის მიერ გაკეთებული ჩანაწერები კორესპონდენცია და უნდა არსებობდეს თუ არა ადვოკატების გაკეთებული ჩანაწერების კონტროლი, პაატა სალიამ თქვა:
„როდესაც ადვოკატი შედის დასაცავ პირთან, აკეთებს ჩანაწერებს და როდესაც ადვოკატს ეს გამოაქვს გარეთ და ამის კონტროლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს, სწორედ ეს აღვნიშნე… არ არსებობს-მეთქი და არც უნდა არსებობდეს, მაგრამ უნდა იყოს გადამზღვევი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის არაკეთილსინდისიერ პირს, რომ კომუნიკაცია დახურულ დაწესებულებაში არ მოახდინოს რამოდენიმე პირს შორის.
ჩვენ არ გვინდა ადვოკატის უფლება შევლახოთ და გვინდა, რომ ვიპოვოთ ოქროს შუალედი, გამოსავალი, რომელსაც არც თქვენს უფლებას შელახავს, ხელს არ შეგიშლით საქმიანობაში, მაგრამ ჩვენს უსაფრთხოებასაც არ დააზიანებს“, – თქვა სალიამ.
იუსტიციის მინისტრმა ადვოკატის დამაზუსტებელ შეკითხვებს აღარ უპასუხა და აღნიშნა, რომ ორშაბათს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი.
7 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ ადვოკატ ჯუბა ქათამაძეს, რომელიც ციხეში გიორგი დავითაძეს შეხვდა, საქმიანობაში ხელი შეუშალეს, კერძოდ, დავითაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დაწესებულების დატოვებისას, ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება.
პენიტენციურმა სამსახურმა საპასუხოდ განმარტა ციხიდან წერილების გაგზავნაზე პატიმრის უფლებები და აღნიშნა, რომ
ზოგ შემთხვევაში წერილების შინაარსი მოწმდება და გაგზავნა იზღუდება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მისი შინაარსი საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს.
ამავე განცხადებაში პენიტენციური წერს, რომ პატიმარს უფლება აქვს, შეუზღუდავად შეხვდეს ადვოკატს, თუმცა საკანონმდებლო აქტის არცერთი ნორმა არ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებას, ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი.
პენიტენციური სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა ადვოკატთა ასოციაცია. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ადვოკატის მხრიდან დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრისას შექმნილი ჩანაწერი არ არის პატიმრის კორესპონდენცია, არამედ არის ადვოკატის მხრიდან საადვოკატო საქმიანობის პროცესში შექმნილი ადვოკატის ჩანაწერი და ის არ უნდა განიმარტოს, როგორც პატიმრის კორენპონდენცია, ეს ორი ცნება უნდა იქნეს გამიჯნული ერთმანეთისგან.
„ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ნებისმიერი ნორმა უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ გამოირიცხოს საადვოკატო საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა და უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს კონსტიტუციითა და ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებული უფლებები“, – განაცხადა ასოციაციამ.