სომხეთის ციხეში გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

პუბლიკა

2026 წლის 10 ნოემბერს სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელი და სტეფანავანის საკრებულოს არჩევნებში პარტიული სიის პირველი ნომერი, 46 წლის არსენ გევორგიანი ნუბარაშენის პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სომხეთის პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნონა ნავიკიანის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო დახმარება დილის 07:55 საათზე გამოიძახეს, ხოლო დაახლოებით 08:30 საათზე სამედიცინო ჯგუფმა მისი ბიოლოგიური გარდაცვალება დააფიქსირა.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გულის უეცარი შეტევა გახდა. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მას გარდაცვალებამდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრეტენზიები არ გამოუთქვამს. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის დადასტურებული არ არის.

გევორგიანი 21 ოქტომბერს, სტეფანავანის საკრებულოს არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე დააკავეს. იმავე დღეს ანტიკორუფციულმა სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა ორი თვით შეუფარდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს სულ 14 ადამიანი.

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ წარდგენილი ბრალდების თანახმად, გევორგიანმა რამდენიმე ათეულ ამომრჩეველს ფული გადასცა იმ პირობით, რომ ისინი არჩევნებში მხარს პარტია „ძლიერ სომხეთს“ დაუჭერდნენ. პოლიტიკოსი წარდგენილ ბრალდებას უარყოფდა.

გევორგიანის გარდაცვალების შემდეგ პარტია „ძლიერმა სომხეთმა“ განცხადება გაავრცელა და მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთის ხელისუფლებას, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციას დააკისრა.

პარტიაში საარჩევნო მოსყიდვის შესახებ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გევორგიანის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობდა, რომელმაც საბოლოოდ მისი პატიმრობაში გარდაცვალება გამოიწვია.

პარტიამ ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პატიმრობაში გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, რომლის მითითებითაც ასობით ადამიანი უსამართლოდ ხდება დისკრედიტაციისა და პატიმრობის სამიზნე.