რუსეთთან დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების წინ აბუ-დაბიში ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის, აშშ-ისა და NATO-ს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
ევროკომისიის მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებული განცხადების თანახმად, მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულების გზები, მდგრადი მშვიდობის დამყარების პირობები და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა განიხილეს.
ევროკომისია წერს, რომ ევროპელი პარტნიორების, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელების აუცილებლობაზე იმსჯელეს. მათი საერთო პოზიციით, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინისთვის მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებს უნდა ითვალისწინებდეს.
განცხადების მიხედვით, მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლების პატივისცემას. ამასთან, შეთანხმებამ უკრაინისთვის სანდო უსაფრთხოების გარანტიები უნდა უზრუნველყოს.
განცხადების თანახმად, მხარეთა საერთო მიზანია პრაქტიკული და ურთიერთშემავსებელი უსაფრთხოების ჩარჩოს შემუშავება, რომელიც გააძლიერებს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას და შექმნის მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევისთვის აუცილებელ ნდობას.
ევრკომისია ასევე ამბობს, რომ შეხვედრაზე მდგრადი მშვიდობის საკითხთან ერთად განიხილეს, თუ როგორ უნდა განვითარდეს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ არსებული ევროპული უსაფრთხოების ინსტიტუტები და შეთანხმებები.
განცხადების მიხედვით, მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ომისშემდგომი უსაფრთხოების საკითხების მოგვარება და კონფლიქტის განახლების რისკის შემცირება. მხარეებმა იმსჯელეს რისკების მართვისა და სახიფათო ესკალაციის თავიდან აცილების ეფექტიანი მექანიზმების შექმნაზე.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მონაწილეები ევროპაში ომისშემდგომი უსაფრთხოების მტკიცე არქიტექტურის ჩამოყალიბების ერთგულნი რჩებიან. ამასთან, მათი შეფასებით, ევროატლანტიკური კოლექტიური თავდაცვის ცენტრალურ საყრდენად ძლიერი ნატო დარჩება.
„ევროპელი პარტნიორები, უკრაინა და აშშ მოლაპარაკებების მთელი პროცესის განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ. ჩვენი მიზანია, პროცესი უფრო ფართო, მრავალმხრივ ფორმატში გადავიდეს, რომელშიც ევროპელი პარტნიორებიც იქნებიან ჩართულნი, და საბოლოოდ ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობა დამყარდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
9-თვიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომის საკითხზე აბუ დაბიში უკრაინას, რუსეთსა და აშშ-შორის მოლაპარაკებები განახლდება. მოლაპარაკებები დღეს და ხვალ – 10 და 11 ნოემბერს გაიმართება.
ევროპელი ლიდერები, რომლებიც სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში დიდწილად არ მონაწილეობენ, პროცესში ჩართვას აქტიურად მოითხოვენ. მათ არ სურთ, ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები თავად ევროპელების მონაწილეობის გარეშე იქნას მიღებული.