სომხეთმა, აზერბაიჯანმა და აშშ-მა TRIPP-ის წინსვლის მიზნით ტექნიკური დაგეგმვის ჯგუფები შექმნეს

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

სომხეთმა, აზერბაიჯანმა და აშშ-მა „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) წინსვლის მიზნით სამმხრივი ტექნიკური დაგეგმვის ჯგუფების შექმნის შესახებ განაცხადეს. 7 ნოემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში სამმა ქვეყანამ აღნიშნა, რომ ეს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებამდე არსებული რთული ტექნიკური საკითხების მოგვარებისკენ გადადგმული „გადამწყვეტი ნაბიჯია“.

სამი ქვეყანა „ტრამპის მარშრუტის“ შექმნაზე 2025 წლის აგვისტოში, ვაშინგტონის სამიტზე შეთანხმდა. დაგეგმილი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურული პროექტი აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას მის ექსკლავ ნახიჩევანთან სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს. აშშ-სა და სომხეთს შორის ხელმოწერილ ორმხრივ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მარშრუტი „სომხეთის რესპუბლიკისთვის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი კავშირების მხრივ ორმხრივი სარგებლის მოტანას უზრუნველყოფს“.

სამმხრივი ჯგუფი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელნურ მამადოვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრენდან ჰანრაჰანმა შექმნეს.

„ეს ფორმატი ჩვენი სამი ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებსა და ტექნიკურ ექსპერტებს აერთიანებს, რათა მათ თანამშრომლობით იმუშაონ და წვლილი შეიტანონ რეგიონში გრძელვადიან სტაბილურობაში, ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობაში, რეგიონულ დაკავშირებადობასა და კომერციულ კეთილდღეობაში. ამით კიდევ ერთხელ ხაზგასმულია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული სამშვიდობო სამიტის დეკლარაციის მნიშვნელობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ პირველი ორი სამმხრივი დაგეგმვის ჯგუფის ამოქმედებაზე, რომელთა საქმიანობა ტრანსპორტისა და ელექტროენერგიის გადაცემის მიმართულებებს შეეხება.

„ტექნიკური დაგეგმვის ეს ჯგუფები რთული ტექნიკური საკითხების მოგვარებისა და განხორციელების მომდევნო ეტაპებზე გადასვლისკენ, მათ შორის სხვა რეგიონულ ინფრასტრუქტურებთან დაკავშირების მიმართულებით, გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო თვეების განმავლობაში „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელების მიმართულებით გარკვეული პროგრესი შეინიშნება.

ოქტომბრის ბოლოს სომხეთის პარლამენტმა აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელიც „ტრამპის მარშრუტს“ ეხება. შეთანხმებას მხარი მხოლოდ მმართველმა პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ დაუჭირა.

ოპოზიციამ შეთანხმების წინააღმდეგ მისცა ხმა. ფრაქცია „სომხეთის ალიანსში“ განაცხადეს, რომ დოკუმენტი სომხეთის ეროვნულ ინტერესებზე მეტად აზერბაიჯანის ინტერესებს ასახავს.

პარლამენტში ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტია „ძლიერმა სომხეთმა“, მოითხოვა, რომ „ტრამპის მარშრუტის“ ამოქმედება და აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესები იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, მარშრუტის ამოქმედების შემდეგ აზერბაიჯანმა შესაძლოა დაკარგოს ხელშეკრულების ხელმოწერის სტიმული და დამატებითი პირობები წამოაყენოს.

ჩარჩო შეთანხმების თანახმად, TRIPP Development Company-ის, ანუ კომპანიის, რომელიც პროექტის განვითარებასა და მართვაზე იქნება პასუხისმგებელი, 74%-იან წილს აშშ ფლობს, ხოლო დარჩენილ 26%-ს – სომხეთი.

ოქტომბერში აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები სომხეთის ქალაქ გორისში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრის მიზანი „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის საკითხის განხილვა იყო.

მანამდე, 8 სექტემბერს, სომხეთში აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დევიდ ალენმა ბაქო მოინახულა, სადაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ელნურ მამადოვსა და აზერბაიჯანში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულ ეიმი კარლონს შეხვდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისა და „ტრამპის მარშრუტის“ საკითხები განიხილეს.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.