რუსთაველის გამზირის საახალწლო განათებაზე მერია 2.5 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს

პუბლიკა

რუსთაველის გამზირის საახალწლო განათებაზე თბილისის მერია 2.5 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის საახალწლო ილუმინაციების შესყიდვას 2 499 885 ლარად გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების ნებართვას ითხოვს.

გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნის მიზეზად კომპანია სამუშაოების შესრულებისთვის განსაზღვრულ მოკლე ვადას ასახელებს. „თბილსერვის ჯგუფის“ განმარტებით, საახალწლო ილუმინაციების მოწყობა 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, სატენდერო პროცედურები კი შესყიდვის დროულად განხორციელებას ხელს შეუშლის.

„საფრთხე შეექმნება როგორც კომპანიის ფუნქცია-მოვალეობების სრულფასოვნად განხორციელებას, ასევე საზოგადოებრივ ინტერესებს, ვინაიდან დედაქალაქში, ვერ მოეწყობა საახალწლო ილუმინაციები”, – წერს თბილსერვის ჯგუფი.

კომპანია განმარტავს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად იცვლება ქუჩის ინფრასტრუქტურა, მონტაჟდება ახალი ბოძები და სანათები, რის გამოც საახალწლო განათებების არსებული კონცეფციის შეცვლა გახდა საჭირო. როგორც წერილშია აღნიშნული, ახალი ილუმინაციები სწორედ რეაბილიტირებული გამზირის იერსახეს უნდა მოერგოს.

შესყიდვის ფარგლებში იგეგმება:

2D ფიგურები – 900 ცალი;

მანათობელი თოკი – 1 450 ცალი;

განათების თოკი – 72 000 მეტრი;

კვების ბლოკები – 95 ცალი.

„იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ძირითადად ინტელექტუალურ მომსახურებასთან და ინდივიდუალურ აღქმასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია ვიზუალური დეტალები და ლოკაციის თავისებურებების გათვალისწინება”, – წერს თბილსერვის ჯგუფი.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული კიდევ ერთი პროექტის დოკუმენტის თანახმად, თბილისის მერია 2027 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნავად ღონისძიებების ჩატარებას 2026 წლის 10 დეკემბრიდან 2027 წლის 14 იანვრის ჩათვლით გეგმავს.