სააპელაციომ 20 წლის ფეხბურთელ ქალზე სექსუალური ძალადობის საქმეზე კლუბის მფლობელს 9 წელი მიუსაჯა

პუბლიკა

ადვოკატ ანა თავხელიძის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა და „ნიკე-ლუსოს“ მფლობელი მეჰმეთ უიარი წარდგენილ ბრალდებაში გაამტყუნა.

მას სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ანა თავხელიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ინფორმაცია პროკურორისგან მიიღო. ის სხდომას არ ესწრებოდა. თავხელიძის თქმით, სააპელაციო სასამართლოში დღეს პირველი სხდომა გაიმართა.

„პუბლიკა“ უწყებებთან ცდილობს დაადგინოს, საქართველოში იმყოფება თუ არა უიარი და დააკავებენ თუ არა მას.

22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსოს“ ყოფილ მფლობელსა და პრეზიდენტს, თურქ ბიზნესმენ მეჰმეთ უიარს ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ 20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც უიარს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, გონება დაკარგა. მოგვიანებით ის კლინიკაში გადაიყვანეს.

20 წლის ფეხბურთელი სასამართლოში აცხადებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ უიარმა მასზე სექსუალურად იძალადა. მეჰმეთ უიარი ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ფეხბურთელთან ძალადობრივი სექსუალური კავშირი არ ჰქონია.

უიარი საქმეზე დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.