24 აპრილს მთავრობის მიერ ანტრიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, პირველ რიგში გამოწვეულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და შემდეგ ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით.
ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი დღეიდან, 27 აპრილიდან დაიწყება და სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე სრულად დაიშვება ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
მთავრობის განცხადებაში არაფერია ნათქვამი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ქალაქებს შორის მიმოსვლის აღდგენაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თუ საუბარი მიდის ეკონომიკის ნელ-ნელა ამოქმედებასა და რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის განახლებაზე.
ტრანსპორტი არის ეკონომიკის მთავარი გამწევი ძალა და მის მხარდაჭერა და მოწესრიგება უნდა გახდეს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
წინა წლებში როგორც საქალაქო და საქალაქთაშორისო გადაყვანა, საავტომობილო პარკის განახლება და ინვესტიციები, ძირითადად, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსებაზე იყო დამოკიდებული.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელ მუშაობაზე პირდაპირ არის დამოკიდებული სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მომსახურების სფეროებში და განსაკუთრებით ინდივიდუალური საქმიანობით დაკავებული ადამიანების აქტიურობა, რადგან მოქალაქეების დიდი ნაწილის გადაადგილების ერთადერთი საშუალება მხოლოდ აღნიშნული ტრანსპორტია.
მხოლოდ კერძო ავტომანქანებით და ტაქსით გადაადგილება მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის ფინანსურად ხელმიუწვდომელია. ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ უამრავი კომპანიის საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას.
Covid-19-ის გავრცელებამ როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში, ტრანსპორტსა და გადაადგილებას ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა. შექმნილი ვითარების გამო, დაიკეტა სავაჭრო თუ სხვა ტიპის ობიექტები, რამაც ტრანსპორტის მობილობა ძალიან შეამცირა.
შედეგად, როგორც ევროპაში, ისე ჩრდილო ამერიკაში საავტომობილო გზები დაეთმო ველოსიპედით მოსარგებლეებს, რომლებიც გადაადგილებისას იცავენ სოციალურ დისტანციას. ასე მოხდა მილანში, რომში, პრაღაში, ბოგოტაში, რამაც ალტერნატიული ტრანსპორტით, განსაკუთრებით ველოსიპედით, სარგებლობის მაჩვენებელი გაზარდა.
გარდა ამისა, გამოჩნდა, რომ ქალაქები არ არის მორგებული ქვეითებზე, რომელთაც მეტი სივრცე დაეთმოთ, სოციალური დისტანციის დასაცავად. დაკვირვების შედეგად, დადგინდა, რომ ჰაერი გასუფთავდა და ვირუსმა აშკარად დაგვანახა, რომ ჰაერის დაბინძურების მთავარი ფაქტორია ტრანსპორტი და კერძო ავტომანქანების სიმრავლე.
თუ საქართველოს ქალაქებში მოქალაქეების გადაადგილების ძირითად საშუალებად მხოლოდ კერძო ავტომანქანები დარჩება, მაშინ დღეს გაწმენდილი ჰაერი და ქუჩებიდან გამქრალი ხმაური სანატრელი გაგვიხდება.
ამასთან, თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები, ფაქტია, რომ კრიზისულ სიტუაციებში, ძირითადად, ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების იმედად რჩება. ველოსიპედით მოძრაობა, როგორც ჯანსაღი სატრანსპორტო საშუალებით, კარგი გზაა საზოგადოებრივ სატრანსპორტო სისტემებზე დატვირთვის შესამცირებლად. ის არანაკლებ მნიშვნელოვანია კერძო ავტომობილების მოხმარების შესამცირებლად, მოკლე მანძილებზე გადასაადგილებლად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, დაფინანსდეს პროექტები, რომლებიც გამორჩეულად მდგრადია და ხელს უწყობს სატრანსპორტო სისტემის გაჯანსაღებას. საქართველოს ქალაქებში საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად წახალისდეს ველოსიპედით გადაადგილება და საამისოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარდეს.
საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით ოთხმოც პროცენტს, არ ჰყავს საკუთარი ავტომანქანას და მათი ყოველდღიური გადაადგილების ერთადერთი საშუალება საზოგადოებრივი ტრანსპორტია. ამიტომ, აუცილებელია ქალაქებს შორის მიმოსვლისა და ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უკვე ეტაპობრივად გახსნა.
უბრალოდ, უნდა მოხდეს იმ სატრანსპორტო კომპანიების სწორი ადმინისტრირება და ბაზარზე მხოლოდ იმ კომპანიების დაშვება, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ გაიდლაინებს დაიცავენ. ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა უცხოურ გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა შექმნან რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც, ოპერირება გახდება სავალდებულო სატრანსპორტო გადაზიდვის სფეროში დასაქმებული კომპანიებისთვის.
ტრანსპორტის სფეროში ღონისძიებები მიზნად უნდა ისახავდეს ინფექციის განვითარების რისკის შემცირებას.
ამის მისაღწევად მიზანშეწონილია სატრანსპორტო საშუალებების ხშირი დეზინფექცია და დასუფთავება; ტრანსპორტში ფიზიკური დისტანციის დაცვა, სპეციალური სტიკერების გამოყენება სათანადო დაშორების დასადგენად და მგზავრებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით; ონლაინ სამგზავრო დაჯავშნების სისტემის დანერგვა, რათა შემცირდეს მგზავრთა სიმჭიდროვე ქალაქებს შორის გადაადგილების გახსნისას. კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ გადასვლა ელექტრონულ და უკონტაქტო ბილეთის შეძენაზე.
სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო ინფორმაცია ინფიცირების რისკთან დაკავშირებით და აუცილებელია მათი ცნობიერების ამაღლება, ამ თვალსაზრისით და შესაბამისი ზომების მიღება ზემოაღნიშნული რისკის მინიმუმამდე დასაყვანად.
კომპანიებმა თანამშრომლები უნდა მოამარაგონ შესაბამისი დამცავი მოწყობილობით (პირბადით, ხელთათმანებით/ხელის სადეზინფექციო საშუალებით), რათა დაიცვან მათი ჯანმრთელობა და თავიდან აიცილონ ინფიცირება.
ავტობუსებში, მეტროში სადეზინფექციო საშუალებების დამონტაჟება. იქ, სადაც შეუძლებელია ონლაინ გაყიდვა, მძღოლები და ბილეთების გამყიდველები, ისევე, როგორც სხვა თანამშრომლები, იზოლირებულები უნდა იყვნენ მგზავრებისგან პლასტმასის გამყოფებით ან სხვა საშუალებებით.
საქალაქთაშორისო გადაყვანის დროს აუცილებელია მგზავრებისათვის განრიგის ცვლილების, გრაფიკისა და ინტერვალების შესახებ ინფორმაციის პირდაპირ და გამჭვირვალედ მიწოდება, მათ შორის, სოციალური მედიის საშუალებით.
მთავრობა, პოლიტიკური სპექტრი, ჯანდაცვის, ეკონომიკის სფეროს ექსპერტები – ყველა შეთანხმდა, რომ ქვეყანას ვირუსის პირობებში მოუწევს ცხოვრება და ქვეყანას ტრანსპორტის სფეროში აღნიშნული პროტოკოლების დანერგვა და იმპლემენტაცია მოუწევს.
რაც უფრო დროულად დავიწყებთ, მით უფრო სწრაფად მოხდება ტრანსპორტის სფეროს ეკონომიკურ საქმიანობაში სწრაფი დაბრუნება და ინტეგრაცია. მთავარია, ქვეყანაში სატრანსპორტო სისტემის გამართული მუშაობის რესურსი არსებობს, რომელსაც ადეკვატური ანალიზი და დროული მოქმედება სჭირდება.