ფაუჩის თქმით, რემდესივირის შესახებ საუბარი დაგეგმილი არ ჰქონია

პუბლიკა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის (NIAID), დოქტორ ანტონი ფაუჩის განცხადებამ მედიკამენტ რემდესივირის ეფექტიანობაზე კორონავირუსის მკურნალობისას სამედიცინო წრეებში გაკვირვება და შეშფოთება გამოიწვია, – წერს The Reuters.

ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იმედს ამყარებს პრეპარატზე, რომლის შესახებ დეტალური კვლევა მეცნიერებს ჯერ არ უნახავთ. როგორც The Reuters წერს, მათთან საუბარში ტრამპის გამუდმებული მტკიცებაც გაიხსენეს, თითქოს კორონავირუსთან ბრძოლა მალარიის სამკურნალო მედიკამენტ პლაქვენილით შეიძლებოდა, რის შესახებაც მეცნიერული მტკიცებულება ასევე არ არსებობდა. ახალმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ პლაქველინმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანიც მიაყენოს ორგანიზმს.

ამიტომ, დოქტორ ფაუჩის მოულოდნელმა განცხადებამ ბევრი გააკვირვა. ფაუჩის თქმით კი, მან პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა რემდესივირზე სასაუბროდ, რადგან პრეპერატზე მიმდინარე კვლევის შესახებ არასრული ინფორმაცია გავრცელდა და ეს უფრო მეტ დაბნეულობას გამოიწვევდა.

ეს იყო მიზეზი, რის გამოც მოულოდნელად, მაშინ, როცა კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ მორიგი ბრიფინგიც კი არ იმართებოდა, ფაუჩი გამოვიდა და რემდესივირის ეფექტიანობაზე განაცხადა. მისი თქმით, პაციენტების ის ნაწილი, ვინც რეალური მედიკამენტის ნაცვლად პლაცებოს იღებდა, რემდესივირზე უნდა გადართულიყო.

„ამის თქმა კვლევის ეთიკურობაზე შეშფოთების ზრდის გამო მომიწია. მე სიამოვნებით დაველოდებოდი სამეცნიერო წრეებში შეხვედრას, მაგრამ ამის ფუფუნება აღარ არის, როცა მთელი დისკუსია პლაცებო ეფექტის ეთიკურობაზე მიდის“, – უთხრა The Reuters-ს ფაუჩმა.

ფაუჩი ჰყვება, რომ სამშაბათს გამართულ კონფერენციაზე NIAID-მა რემდესივირის კვლევა სპეციალისტებს გააცნო, მაგრამ კონფერენიციის შემდეგ, სადაც ათობით მეცნიერი იყო ჩართული, კვლევაზე დამახინჯებულმა ინფორმაციამ დაიწყო გავრცელება.

თუმცა, The Reuters-თან საუბარში სპეციალისტები ფაუჩს აკრიტიკებენ. „მე მინდა, სრული მონაცემები ვნახო, სტატისტიკა, გავიაზრო რისკი და დადებითი მხარეები. მინდა, ვნახო კვლევის სტრუქტურა. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია გამამხნევებელია, მაგრამ მინდა, ვიცოდე დეტალურად, როგორ მივიღეთ ეს შედეგები და არა მხოლოდ ერთი ფოტოთი ოვალური კაბინეტიდან“, – ამბობს დოქტორი სტივენ ნისენი ამერიკულ გამოცემასთან.