სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის შეკრება „ლეგიტიმური“ იყო.
როგორც იოსელიანი განმარტავს, „კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღეში, საქართველოს პარლამენტი უნდა შეიკრიბოს”.
„საქართველოში არსებობს საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ომბუდსმენი ანგარიშს წერს, ამზადებს პარლამენტისთვის. შესაბამისად, სადაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ და ვშრომობთ, ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც ანგარიშს წარვუდგენთ.
შესაბამისად, არ მესმის თქვენი კითხვის შინაარსი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, სადაც ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ, 10 დღეში პარლამენტი იკრიბება.
ყველა სხვა მუხლი, სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს 10 დღეში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო“, – განაცხადა იოსელიანმა.
ომბუდსმენის თქმით, ყველა სხვა საკითხი, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი, არის განხილვის საკითხი.
„საკონსტიტუციო სასამართლო, ალბათ, ამ საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ეს შეკრების ლეგიტიმაციასთან არავითარ კავშირში არ არის“, – განაცხადა იოსელიანმა.
25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება” პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა;
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში გამართულ სხდომას არ დასწრებია.
კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ შემაჯამებელი ოქმის მიღებიდან მე-10 დღეს პარლამენტის შეკრება კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, თუმცა სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.
მათი პოზიციით, პირველ სხდომაზე შექმნილ სამანდატო კომისიას არჩეული წევრების უფლებამოსილების ცნობისთვის სიაში შეყვანა არ შეეძლო.
იურისტების შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილებაცნობილ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება