პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ზე ტესტირების ახალ მეთოდს გამოიყენებენ

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანი განცხადებით, დღეს კლინიკას 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, მათ შორის 14 და 15 წლის მოზარდებიც. ამ დროისთვის კლინიკაში 83 ინფიცირებული მკურნალობს. ექიმის ინფორმაციით, გაუმჯობესდა 82 წლის პაციენტის მდგომარეობა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში წევს 99 პაციენტი, აქედან 83-ია ინფიცირებული. უარყოფითი პასუხი მივიღეთ 5 განმეორებითი და 5-ვე პაციენტი დატოვებს კლინიკას. აქედან ორი არის მოზარდი – 14 და 15 წლის. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 8 პაციენტი, უარყოფითი დინამიკის გარეშე. ქალბატონი, რომელიც გვყავს 82 წლის, შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციით და გართულებული პრობლემებით, მინდა გითხრათ, რომ მოიხსნა აპარატიდან, არის კონტაქტური, ადეკვატური.

ამ ქალბატონს აქვს ბოლო 30 წელია, შაქრიანი დიაბეტი, იმყოფება ინსულინო თერაპიაზე. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ შაქრიანი დიაბეტი,გართულებული სხვადასხვა ფორმით, არ წარმოადგეს მაღალი ლეტალობის ინდექსს კოვიდინფექციასთან შერწყმის შემთხვევაში.

დიდი ხანია, არ მითქვამს ამ ვირუსის  ბუნების შესახებ, იმიტო, რომ, როგორც კი გაჩნდა სამყაროში ეს ვირუსი, რატომღაც, ყველამ ერთად, ვინაიდან ახალი იყო და იყო მაღალ ლეტალობის ინდექსი კაცობრიობაში, დავარქვით მკვლელი. მაგრამ ამ ვირუსმა ამ ფუნქციის ლიკვიდაცია განიცადა“, – განაცხადა რატიანმა.

ლევან რატიანმა განაცხადა, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კვლევის ახალ მეთოდს გამოიყენებენ, საეჭვო პაციენტებში კორონავირუსის გამოსავლენად. რატიანის თქმით, ამ მეთოდს კლინიკაში სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ და არ იქნება მასობრივი.

„ჩვენს კლინიკაში გაიტესტა ჯინექსპერტ მეთოდი, რომლის საშუალებითაც, ჩვენს კლინიკაში განხორციელდება საეჭვო შემთხვევების ინფიცირების გამოვლენა მხოლოდ და მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. ანუ, ეს არ იქნება მასიური, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენს კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკო ღირებულებით. ეს არის უნიკალური მეთოდი, რომლის ალბათობა , რომ დაშვებული იყოს შეცდომა, მინიმუმამდეა დაყვანილი”, – განაცხადა რატიანმა.

„ეს არის „ჯინექსპერტის“ აპარატი, რომელიც 50 წუთში გვაძლევს შედეგს. აქ ხდება თავად ვირუსის ნუკლეინის მჟავების გამოვლენა კატრიჯული მეთოდით. არის აბსოლუტურად დახურული სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ადამიანური ხელით დაშვებული შეცდომა იყოს გამორიცხული, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება აღების დროს რაიმე პრობლემა. გარდა ამისა, ზუსტი შედეგი გვაქვს ძალიან სწრაფ დროში, რადგან სხვა მეთოდით, მეორე დღეს გვაქვს შედეგი, ეს არის ძალიან კარგი მეთოდი.

ეს მეთოდი მსოფლიოში აპრობირებულია. ეს მეთოდი არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სწორედ ის არის მწარმოებელი. გამოიყენება სხვადასხვა კვლევებისთვის, ეს არის ტუბერკულიოზებისა და ჰეპატიტების კვლევა. საკმაოდ წარმატებულად მოქმედებს და არის ზუსტი” – განმარტა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსმა ექიმმა-ლაბორანტმა ხატია მიქაბერიძემ.