პლაზმით მკურნალობა მცირე რაოდენობით მოხდება, ოზონოთერაპია კი მხოლოდ კვლევაა - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, კორონავირუსის პლაზმით მკურნალობისა და ოზონოთერაპიის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.

ცერცვაძე განმარტავს, პლაზმით მკურნალობა სპეციფიკური მეთოდია და მხოლოდ კერძო შემთხვევებში მივმართავთ. მიუხედავად იმისა, რომ პლაზმით მკურნალობა გამოცდილი მეთოდია, მას მაღალი ტექნოლოგიები და მაღალი კომპეტენცია სჭირდება. მისი თქმით, საქართველოში პლაზმის შეგროვება დაიწყეს, ახლა კი უნდა გამოჩნდეს მძიმე პაციენტი, რომელთანაც სხვა მედიკამენტებს ეფექტი არ ჰქონია, თუმცა, ამავდროულად, სისხლის ჯგუფის, რეზუსისა და „მთელი რიგი ლაბორატორიული პარამეტრების“ დამთხვევაც უნდა მოხდეს.

„განსხვავებით მედიკამენტებისგან, ეს ვერ იქნება მასობრივი მკურნალობის მეთოდი. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში სულ არის, სადღაც, 160 გამოჯანმრთელებული. მათგან ყველას სისხლი კი არ გამოდგება დონორად. ჩვენ ვსინჯავთ ყველა ამ დონორის სისხლს და ვისაც გამოუმუშავდა ძლიერი იმუნიტეტი და ვისაც სისხლში აქვს დამცავი ანტისხეულების დიდი კონცენტრაცია, მხოლოდ მათი პლაზმა გამოდგება სამკურნალოდ. ასეთი, ჩვენი წინასწარი მონაცემებით, არის, დაახლოებით, 20-დან 1.

წარმოიდგინეთ, 160 ადამიანიდან პოტენციურად გამოდის 8 დონორი. ამიტომ ამ მეთოდს გამოვიყენებთ მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, როცა სხვა მედიკამენტები არ მუშაობს და იმედი გვაქვს, გადავარჩენთ რამდენიმე პაციენტს, მაგრამ ის ვერ გახდება მასობრივი მკურნალობის მეთოდი“, – თქვა ცერცვაძემ.

რაც შეეხება ოზონოთერაპიას, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, პლაზმისგან განსხვავებით, ეს არ არის ოფიციალურად FDA-ის მიერ რეკომენდებული მეთოდი.

„ამ მეთოდს მთელ რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით გერმანიაში მიმართავენ ერთგვარი კვლევისთვის, ერთგვარ ექსპერიმენტს ატარებენ. საქართველოში ეს გამოიყენეს ბათუმში და მხოლოდ 4 პაციენტთან. იქ არის ამ ოზონოთერაპიის სპეციალისტი და მან გამოიყენა. მათი ინფორმაციით, ოზონოთერაპიის გამოყენება იყო ეფექტიანი. ამ 4 პაციენტიდან 1 პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 დღეს და 2 პაციენტს მე-9 დღეს, მაშინ როცა ჩვეულებრივ პაციენტებში ვირუსის გაქრობა მე-14 დღიდან იწყება და ზოგჯერ რამდენიმე კვირა გრძელდება.

თუმცა ნუ მივცემთ მას გადაჭარბებულ შეფასებას და ნუ ავტეხთ აჟიოტაჟს. ჯერ უნდა შევისწავლოთ ეს შედეგები. ისინი გადმოგვიგზავნიან ამ 4 ადამიანზე მკურნალობის შედეგებს. ჩვენ შევისწავლით, იყო თუ არა, მართლაც, ეს ეფექტი, ხომ არ იყო გვერდითი მოვლენები და მხოლოდ შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდეს ამ მეთოდის კვლევა თუ არა. ოღონდ, თუ გაგრძელდება, გაგრძელდება მხოლოდ კვლევა და არა სამკურნალოდ გამოყენება“, – განაცხადა ცერცვაძემ.