„გილეადის" მექანიზმით [რემდესივირის] პირდაპირ ჩვენამდე მოღწევა ვერ მოხერხდა - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, კორონავირუსის სამკურნალოდ კომპანია „გილეადის” მექანიზმით მედიკამენტ „რემდესივირის” „ჩვენამდე პირდაპირ მოღწევა ვერ მოხერხდა”. შემდეგ კი „გილეადისავე“ რეკომენდაციით, მოხდა საქართველოს ჩართვა „სოლიდარობის კვლევაში”, რაც შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, მიიღოს აღნიშნული პრეპარატი. ამის შესახებ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვებზე, „სოლიდარობის კვლევაში“, ძირითადად, ჩართეს ის ქვეყნები, სადაც მძიმე პაციენტების სტატისტიკა მაღალია? როგორ მოხვდა საქართველო ამ კვლევაში? იყო თუ არა გადამწყვეტი ჩვენი ურთიერთობა ფარმაცევტულ კომპანია „გილეადთან”, რომელიც აწარმოებს ამ პრეპარატს [„რემდესივირს”]? – გაბუნია პასუხობს:

„გილეადთან” დიდი ხანია, კარგი თანამშრომლობა გვაქვს და „გილეადის” მაღალი დონის მენეჯმენტი სერიოზულად იყო დაინტერესებული, რომ ჩვენ დროულად გვქონოდა ხელმისაწვდომობა მედიკამენტზე, თუმცა „გილეადის” მექანიზმით, პირდაპირ, უშუალოდ ამ მედიკამენტის ჩვენამდე მოღწევა ვერ მოხერხდა და შემდეგ „გილეადისავე” რეკომენდაცია იყო „სოლიდარობის კვლევაში” საქართველოს მონაწილება, რაც არის კარგი საშუალება იმისათვის, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, პაციენტების ასეთი მცირე ნაკადით, რომელიც მკვლევრებისთვის არ არის კვლევის თვალსაზრისით საინტერსო და დიდი ნაკადი, საქართველო მოხვდა ამ კვლევაში. ეს განაპირობა ასევე იმან, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ასევე აკავშირებს მრავალწლიანი თანამშრომლობა ქართველ პროფესიონალებთან და ძალიან კარგი ისტორია არსებობს კვლევებში მონაწილეობის კუთხით…”, – აღნიშნავს გაბუნია.

მისივე თქმით, ალბათ, ერთი კვირა დასჭირდება ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებას და მაისის ბოლოსთვის მედიკამენტი უკვე ფიზიკურად იქნება ხელმისაწვდომი.

„უფრო ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ მომავალ კვირას გახდება ცნობილი”, – ამბობს გაბუნია.

ამავე თემაზე:

► სოლიდარობის კვლევის აქციაში საქართველოს ჩასართავად ფორმალური პროცედურები დარჩა – გაბუნია