სოლიდარობის კვლევის აქციაში საქართველოს ჩასართავად ფორმალური პროცედურები დარჩა - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ  კორონავირუსის წინააღმდეგ სოლიდარობის კვლევის აქციაში საქართველოს ჩასართავად მხოლოდ ფორმალური პროცედურები დარჩა. ფორმალური პროცედურები ამ კვირაში უნდა დასრულდეს.

მისი თქმით, კვლევის ფარგლებში ექსპერიმენტის სახით იქნება გამოყენებული მკურნალობის 4 სხვადასხვა მეთოდი.

„კვლევის ფარგლებში ექსპერიმენტის სახით გამოყენებული იქნება ოთხი სხვადასხვა მკურნალობის სახე. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ რემდესივირით მკურნალობა, რაც იძლევა შესაძლებლობას ქართველი პაციენტებისთვის, ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა რემდესივირზე კვლევის პირობებში.  საბედნიეროდ, პაციენტების რაოდენობა მცირეა, თუმცა, საყურადღებოა მძიმე პაციენტების მდგომარეობაც, როგორც აღნიშნეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ხელმისაწვდომობა  კრიტიკული პაციენტების სამკურნალო ყველა შესაძლებლობასთან, რომელიც დღეს მეცნიერებისთვის არის ცნობილი“ , – თქვა გაბუნიამ.

მისი თქმით, კვლევაში ჩართვისთვის არის მკაცრი კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეულია 7 დაწესებულება საქართველოში.

„კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეულია სულ 7 დაწესებულება, ეს ის დაწესებულებებია, სადაც მიმდინარეობს Covidმართვა, თუმცა მთავარი ფლაგმანი იქნება  ინფექციური საავადმყოფო, რომელიც ამ კუთხით სხვა დანარჩენ კლინიკებს გაუწევს კოორდინაციას, რომ ​რემდესივირის და მკურნალობის სხვა სამი მეთოდის გამოყენება მოხდეს შესაფერის შემთხვევებში, კვლევის პროტოკოლის მიხედვით”, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.