სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს უხელმძღვანელებს.

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ ხელი დღეს მოაწერა. „გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს, რეფორმების ეროვნულ საბჭოს მისცეს იმპულსი და დაეხმაროს ქვეყანას მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაში“, – ასე ციტირებს ზელენსკის კომენტარს უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდი.

მიხეილ სააკაშვილმა თავდაპირველად, 22 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. მოგვიანებით უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის კანდიდატურა უმაღლეს რადას გადაუგზავნეს დასამტკიცებლად.

სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლება. უკრაინას სააკაშვილის დანიშვნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი უკრაინელ კოლეგას წერილი მისწერა, რომელშიც სააკაშვილის დანიშვნისგან თავის შეკავებას ურჩევდა. საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ისიც თქვა, რომ სააკაშვილის დანიშვნის შემთხვევაში უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობები გადაიხედებოდა. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ საქართველოს ელჩს „სულ მცირე, კონსულტაციისთვის გამოიწვევდნენ“.

მოგვიანებით, უკრაინულ მედიაში, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმაღლეს რადაში მმართველი პარტიის ბევრმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დამტკიცებისგან თავის შეკავება არჩია და მან  საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა, რის გამოც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კანდიდატურა უკრაინის ვიცე-პრემიერად რადაში აღარ განუხილავთ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილს სანაცვლოდ სხვა თანამდებობას შესთავაზებდნენ.

6 მაისს გამოცემა Deutsche Welle-ს უკრაინულ სამსახურს მიხეილ სააკაშვილმა დაუდასტურა ინფორმაცია, რომ მას რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნავდნენ.