მიხეილ სააკაშვილმა ხმები ვერ მოაგროვა და მის კანდიდატურას რადადან გაიწვევენ - უკრაინელი ჟურნალისტი

პუბლიკა

უკრაინელი ჟურნალისტი და გამოცემა Цензор.НЕТ-ის რედაქტორი იური ბუტუსოვი წერს, რომ უკრაინის მთავრობა ვიცე-პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას უმაღლესი რადადან გაიწვევს.

ბუტუსოვის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატებიდან 140-170 ხმის მოგროვება შესძლო, მაგრამ საქართველოს ექსპრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს ეს ხმები არ ყოფნის. მას 248 დეპუტატისგან შემდგარი გუნდიდან გარანტირებულად მინიმუმ 190-200 ხმა სჭირდებოდა, რათა ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნა რეალური გამხდარიყო. სულ ასარჩევად კი 226 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

ბუტუსოვის თქმით, ამის გამო მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა დროებით დაიბლოკება და შესაძლოა, ამ თანამდებობაზე აღარც აირჩიონ. თუმცა, როგორც ჟურნალისტი წერს, სააკაშვილის კანდიდატურის ჩავარდნა ახალ სკანდალს გამოიწვევს, ამიტომ საუბარია, რომ მას ოდესის მერობის კანდიდატურა შესთავაზონ და სრული მხარდაჭერა აღუთქვან.

ჯერჯერობით სააკაშვილის კანდიდატურის უკან გაწვევის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ არც ზელენსკის გუნდში და არც თავად მიხეილ სააკაშვილი. იური ბუტუსოვმა არაოფიციალური ინფორმაცია თავდაპირველად თავის Facebook გვერდზე გაავრცელა.

Кабмин отозвал из Верховной Рады представление на назначение Михаила Саакашвили вице-премьер-министром по реформам….

Posted by Юрий Бутусов on სამშაბათი, 28 აპრილი, 2020