მდ. რიონის ნაწილი მიემართება მილებში, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა - მინისტრი ონის კასკადზე

პუბლიკა

„ჩვენ ვინარჩუნებთ მდინარე რიონს თავის კალაპოტში, ნაწილი მიემართება მილებში, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, ერთ-ერთი წყალუხვი მდინარეა, რომელსაც მოვარდნები ახასიათებს ხოლმე”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პირველი არხის ეთერში ონის ჰესების კასკადთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ჰესის აშენებით რაჭაში ეკოსისტემას საფრთხე არ ემუქრება.

მისივე თქმით, სანებართვო დოკუმენტში ასევე ჩაწერილია პირობა, რაც  გულისხმობს „დეტალურ კვლევებს მინერალურ წყლებთან დაკავშირებით”.

„არანაირი მთების აფეთქებები არ იგეგმება, ონის რაიონში რიონის დაწყვეტა და კალაპოტის დაშრობა არ იგეგმება, ეს ყველაფერი არ ცრუ, აბსოლუტური ტყუილი, ასევე მინდა ვთქვა, რომ როგორც სეიმური, ასევე გეოლოგიური და ჰიდროლოგიური საკითხები იყო ექსპერტების მიერ შესწავლილი და მათი დასკვნების საფუძველზე გაიცა ჩვენი მხრიდან ნებართვა. ჩვენ ვეყრდნობით ზუსტად მაღალი კომპეტენციის ექსპერტების დასკვნებს და სხვანაირად არც შეიძლება… ვიდრე არ მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია, ამომწურავი პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რაც სამინისტროს გააჩნდა, ჩვენი მხრიდან არ იქნა გაცემული ნებართვა”, – განაცხადა მინისტრმა.

რა წერია გაცემულ ნებართვაში:

2020 წლის 17 მარტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ონის ჰესების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არის აქტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა.

„ონის ჰესების კასკადის პროექტი“ მოიცავს ორ ჰესს: ონი 1 ჰესი და ონი 2 ჰესი. პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრეა 206.1 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავებაა 780 მლნ კვტ.სთ.

კასკადის თითოეული საფეხურის შემადგენლობაში გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ნაგებობები:
● სათავე წყალმიმღები ნაგებობა.
● სადერივაციო-სადაწნეო სისტემა.
● ძალური კვანძი (ჰესის შენობა და ქვესადგური).

ონი 1 ჰესის სათავე ნაგებობა მოეწყობა მდინარის კალაპოტის 1089 მ-ის ნიშნულზე, მდ. ჭანჭახის შესართავის ქვემო დინებაში, საიდანაც უახლოესი დასახლებული პუნქტი სოფ. გლოლა დაშორებულია 3.3 კმ-ით. ძალური კვანძის მოწყობა დაგეგმილია მდ. რიონის და მდ. საკაურას ზედა დინებაში. ძალურ კვანძზე წყლის მიწოდება მოხდება 12.5 კმ სიგრძის მიმყვანი გვირაბის საშუალებით.

ონი 2 ჰესის სათავე ნაგებობა, რომლის სიმაღლე იქნება 9 მეტრი, მოეწყობა მდ. რიონის კალაპოტის 762 მ-ის ნიშნულზე, ქ. ონიდან 1.14 კმ-ით ქვედა დინებაში, სადაც უახლოესი დასახლებული პუნქტია სოფ. კომანდელი (0.64 კმ). წყალმიმყვანი გვირაბის (9.3 კმ) გაყვანა დაგეგმილია მდ. რიონის მარჯვენა ფერდში, რომელიც წყალს მიაწვდის სოფ. სორის სიახლოვეს მდებარე საპროექტო ძალურ კვანძს.

დოკუმენტში აღნიშნულია – ონი 1 ჰესის მიმყვანი გვირაბის ძირითადი ნაწილის (სიგრძე – 11 978 მ. 5.26 მ. დიამეტრი) გაყვანა დაგეგმილია გვირაბგამყვანი მანქანით, ხოლო 508 მ გაყვანილი იქნება ბურღვა-აფეთქების (D&B) მეთოდით.

ონი 2 ჰესზე – გვირაბგამყვანი მანქანის შესასვლელსა და მიწის ზედაპირს შორის არსებული მონაკვეთის გაყვანა იგეგმება ბურღვა-აფეთქების მეთოდით, რომლის სიგრძე შეადგენს 73 მ-ს;

სს „ონის კასკადი” აცხადებს, რომ  საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მოხდება ორივე ჰესის სათავე ნაგებობასთან მდინარე რიონიდან წყლის ნაწილის აღება. დარჩენილ წყალს ასევე ემატება რიონის უამრავი შენაკადის ჰიდრო რესურსი, რაც საერთო ჯამში საკმარისზე მეტია წყალმცირობის პერიოდში (ზამთარი) ადგილობრივი ფლორის და ფაუნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის. ხოლო, წყალუხვობის პერიოდში (გაზაფხული-შემოდგომა), ჰესის მიერ აღებული წყალი თითქმის შეუმჩნეველიც კი იქნება იმდენად ბევრი წყალი მოდის ბუნებრივად მდინარეში.

მათი თქმით, პროექტის ფარგლებში იჭრება 1 064 მ³ მერქნული რესურსი, რომელიც ძირითადად მოიცავს მდინარე რიონის ხეობაში და ჭალებში არსებულ მცენარეებს (მაგ. თხმელა), „რასაც მდ. რიონი ადიდების დროს ისედაც აზიანებს”.

მიუხედავად იმისა, რომ გაცემულ ბრძანებაში აღნიშნულია რიგ მონაკვეთებში გვირაბების გაყვანა იგეგმება ბურღვა-აფეთქების მეთოდით, კომპანია აღნიშნავს, რომ „პროექტის ფარგლებში იგეგმება გვირაბების 97%-ის გაყვანა მსოფლიოში აპრობირებული და საქართველოში არაერთხელ გამოცდილი გვირაბგამყვანი მანქანით (TBM) დასახლებული პუნქტებიდან საშუალოდ 2 კმ-ის მოშორებით, რომელიც არ გულისხმობს აფეთქებას და ვიბრაციას”. გაეცანით მათ განხადებას ვრცლად ბმულზე;

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ პროექტის 10% -იანი წილის მფლობელია, ხოლო 90%-იანი წილი კომპანიას, შპს „ფერის“ ეკუთვნის.

ამავე თემაზე;

► რატომ არაა რაჭაში მართებული ჰესების აშენება – WWF-ის 4 არგუმენტი;

► ყველა კანონიერი გზით შევეცდებით, ონის ჰესების კასკადი არ აშენდეს – რაჭის სათემო ორგანიზაცია;