საქართველოს ბევრი ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გაუმჯობესებული ტრანსპორტირება გულისხმობს მეტ მანქანასა და ახალ საგზაო მაგისტრალებს. ამჟამინდელი პანდემიის პირობებში COVID-19-ის გავრცელების საფრთხე ადამიანებს უბიძგებს კერძო ავტომობილების გამოყენებისკენ, თუმცა უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და დაბალემისიური ტრანსპორტის მომავალი გამორიცხავს დამოკიდებულებას კერძო ავტომობილებზე, რადგან იზრდება ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ქვეითების ფატალურობა, საცობები, დაუკავშირებელი ურბანიზაცია, ჰაერის დაბინძურება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგზაო უსაფრთხოების უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, საგზაო შემთხვევების შედეგად დღეში საშუალოდ 300-ზე მეტი ადამიანი იღუპება, ხოლო წელიწადში – 1.35 მილიონზე მეტი. ამ მაჩვენებლის ნახევარზე მეტს ქვეითები, ველოსიპედისტები და მოტოციკლეტისტები წარმოადგენენ.
COVID-19-ის პირობებში მსოფლიოს ბევრი ქალაქი ველობილიკებსა და ქვეითებს მეტ სივრცეს უთმობს, რაც სოციალური დისტანციით მობილობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტა და ზოგიერთი ქალაქისთვის პერმამენტული ხედვა გახდა, მათთვის, ვინც გააცნობიერა ისეთი ქუჩების სარგებელი, რომლებიც გზის ბევრ მომხმარებელს ემსახურებიან. თუმცა ქუჩის ცუდმა დიზაინმა და „სრულყოფილი ქუჩების“ პრინციპების უგულებელყოფამ შესაძლოა უსაფრთხოების ხარისხის შემცირება გამოიწვიოს.
წარმოგიდგენთ ექვს გზას, რომელთაც ქვეითებისთვის მეგობრული ქუჩების შექმნა შეუძლია, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობენ უსაფრთხო, სუფთა და პროდუქტიული ქალაქების შექმნას.
ხელმისაწვდომიდაუწყვეტიტროტუარები
ტროტუარის ეფექტიანობას განსაზღვრავს კომფორტი, უწყვეტობა და უსაფრთხოება. კარგად დაგეგმილი ტროტუარები უწყვეტია და ქვეითებს შეუქმნის მეტ სივრცეს გადაადგილებისთვის, დასასხდომად, საშოპინგოდ, საჭმელად, შესახვედრად და სოციალიზაციისთვის. ტროტუარის რეკომენდებული სიგანე მინიმუმ 1.5-1.8 მეტრია ქვეითთა მცირე რაოდენობის ადგილებში და 2.5 მეტრი – დიდი რაოდენობის ადგილებში. სოციალურმა დისტანცირებამ შეიძლება მოითხოვოს კიდევ უფრო მეტი სივრცე დიდი რაოდენობის თავშეყრის ადგილებში.
ტროტუარი შესაძლოა, დაიყოს სამ ნაწილად: „წინა ზონა“, რომელიც მოიცავს ფურნიტურას და სხვა კომერციულ ელემენტებს; დაბრკოლებებისგან თავისუფალი „ქვეითთა ზონა“, რომელიც მარტივი გადაადგილების საშუალებას იძლევა და „ფურნიტურის ზონა“, რომელიც მოიცავს ხეებს, საგზაო ნიშნებს, სანაგვე ყუთებს, სადრენაჟო სისტემას. უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ტროტუარი, ასევე, უნდა მოიცავდეს ტროტუარის პანდუსებს, უნდა იყოს მოპირკეთებული მოცურების საწინააღმდეგო მასალით, რათა შემცირდეს სრიალისა და წაქცევის რისკი ცუდი ამინდის პირობებში და აუცილებელია წარმოდგენილი იყოს რელიეფური გზის საფარი შშმ პირებისთვის დაქვეითებული მხედველობით.
აშშ-ის მაგალითი გვიჩვენებს, რომ საგზაო შემთხვევების ალბათობა ქვეითთა მონაწილეობით ორჯერ მეტია ქუჩებში, სადაც ტროტუარი არ არის.
ქვეითთა ზონები
ქვეითთა ზონა იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოუყენებული სივრცეები გადაიქცეს საზოგადოების საკუთრებად. არასტრუქტურული, ცარიელი ან გამოუყენებული მკვდარი სივრცეები ქალაქში შეიძლება განახლდეს საღებავების, მცენარეების, ხელოვნების ნიმუშებისა და ქუჩის ფურნიტურის დახმარებით, ასევე განათებითა და საფარით, რომლებიც ხასიათდება მაღალი გამძლეობით და ნაკლებად საჭიროებს მოვლას.
ამ ტრანსფორმაციებს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ქვეითთა უსაფრთხოებაზე. ნიუ იურკში ქვეითთა მოედნებით 16%-ით შემცირდა სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევები და 26%-ით – საგზაო შემთხვევები. ისინი, ასევე, მხარს უჭერენ ადგილობრივ ბიზნესს და ხელს უწყობენ უბნების ინტერაქციას.
ბრაზილიაში, ფორტალეზაში საცხოვრებელი უბნები გადატვირთული იყო მანქანებით და არალეგალური პარკინგით 2017 წლამდე. WRI ბრაზილიის მხარდაჭერით 1 200 კვადრატულ მეტრზე განლაგებული საპარკინგე სივრცეები და საგზაო მოძრაობისთვის განკუთვნილი სავალი ნაწილები გადაიქცა ფუნქციურ ქვეითთა ზონებად. ეს მოხერხდა ტრანსპორტის სავალი ნაწილის გაქრობით, სიჩქარის მაქსიმალური ზღვარის 30კმ/სთ–მდე შემცირებით, ტროტუარების გაფართოებითა და ხუთი ახალი ქვეითთა გადასასვლელის მოწყობით. ქუჩის მხატვრობა, ფურნიტურა და მწვანე ინფრასტრუქტურა ასევე ქმნის განსაზღვრულ სივრცეს ქვეითებისთვის და იწვევს მათ. პროექტის წარმატებით დასრულების გამო, ფორტალეზამ ინტერვენცია პერმამენტული გახადა და ის იქცა მაგალითად, თუ როგორ შეიძლება კარგი დიზაინი და ტაქტიკური ურბანიზმი გახდეს ქუჩების გაუმჯობესების წინაპირობა ყველასთვის.
უსაფრთხო ზონები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის
ბავშვები მათი იმპულსების შეზღუდული კონტროლისა და რეაქციის შენელებული დროის გამო, საგზაო შემთხვევებისას მეტად მოწყვლადები არიან.
მოედნების, პარკების, სკოლების გარშემო მდებარე ტერიტორიებს განსაკუთრებული ყურადღება და უსაფრთხო ზონები სჭირდებათ. უსაფრთხო ზონები უნდა იყოს აღჭურვილი კარგი პირობებით ქვეითებისა და ველოსიპედით გადაადგილებისთვის. საგზაო ნიშნებმა და მონიშვნებმა უნდა გააფრთხილონ მძღოლები, რომ სპეციალურ ზონაში შედიან. მოცურების საწინააღმდეგო გზის საფარი, მაღალი ხილვადობის გადასასვლელები, ფართო და ხელმისაწვდომი ტროტუარები ქვეითებს უმარტივებს მობილობას. უნდა განთავსდეს საგზაო მოძრაობის სიჩქარის შემამცირებელი ინფრასტრუქტურა.
მიზანმიმართული ინტერვენციებით სასკოლო ზონებში 2018-2019 წლების WRI-ის გამარჯვებულ ქალაქში დარ ეს სალაამში, ტანზანიაში მნიშვნელოვნად შემცირდა სკოლის მოსწავლეების დაშავების მაჩვენებელი, ხოლო სხვა აფრიკულ ქალაქებში – 26%-ით.
გაზიარებული სივრცეების შექმნა
მაღალი სიმჭიდროვის ადგილებში, სადაც დაბალი სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტის მცირე რაოდენობაა, საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად მიზანშეწონილია ქუჩების იმგვარად გახსნა, რომ მასზე გადადგილდებოდეს მანქანები, ქვეითები, ველოსიპედისტები და გზების სხვა მომხმარებლები ერთ სივრცეში, თუმცა არა პანდემიის პირობებში.
გაზიარებულ ქუჩებს არ გააჩნია ტიპური ქუჩების ელემენტები, როგორიცაა ვერტიკალური ტროტუარის კიდეები, საგზაო ნიშნები, დონეების განსხვავება, გზის საფარის მონიშვნა ან ფერები, რომლებიც გზის სხვადასხვა მომხმარებლის სეგრეგაციას ახდენს. მაგრამ ისინი მოიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებს ქვეითებს, წაახალისებს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს. ამ დიზაინის საბოლოო შედეგი ის არის, რომ გზის ყველა მომხმარებელი მეტ სიფრთხილეს იჩენს და მანქანები უფრო დაბალი სიჩქარით მოძრაობენ.
მონაცემები ნიდერლანდებიდან გვაჩვენებს, რომ გაზიარებულ ქუჩებს საგზაო შემთხვევების 50%-ით შემცირება შეუძლია.
ქვეითთა ქუჩები
ქალაქებმა უნდა განიხილონ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აკრძალვის საკითხი ქუჩებში, რათა ხალხს შეეძლოს თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილება. ისე, როგორც მოიქცნენ ქალაქები COVID-19-ის საპასუხოდ, განსაკუთრებით ქვეითთა მაღალი რაოდენობის ტერიტორიებზე.
ქვეითთა ქუჩები არა მარტო უსაფრთხოებას აუმჯობესებს, არამედ ჰაერის ხარისხს, ჯანმრთელობის მდგომარეობას; მცირდება ხმაურით დაბიძნურების დონე; იზრდება მიწის ღირებულება და გაყიდვები. 2016 წლის კვლევამ, რომელიც მსოფლიოს 100 ქალაქში ჩატარდა, აჩვენა, რომ საცალო გაყიდვები 49%-ით გაიზარდა. ის 60%-ზე მეტით გაიზარდა ავსტრიის, გერმანიისა და სკანდინავიის ქვეყნების ქალაქებში.
ქვეითთა ქუჩები უნდა განთავსდეს სტრატეგიულად და ხელმისაწვდომი იყოს საცხოვრებელი და კომერციული სივრცეებისთვის. უნდა იყოს კარგად დაკავშირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემებთან, ველო მარშრუტებთან, პარკირებასთან.
მანქანებისგან თავისუფალი დღე
მანქანებისგან თავისუფალი დღეები, როცა ქალაქები კეტავენ ქუჩებს ან ქუჩების ქსელს საგზაო მოძრაობისთვის, წაახალისებს ადამიანებს, აღმოაჩინონ თავიანთი ქალაქი ქვეითად და ველოსიპედით გადაადგილებით, ეხმარება მათ, შეცვალონ პერსპექტივები ქუჩებისა და საჯარო სივრცეების შესახებ. 2 000-ზე მეტმა ქალაქმა 46 ქვეყანაში აღნიშნა ეს დღე, 22 სექტემბერს.
კოლუმბიაში, ქალაქ ბოგოტაში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მანქანებისგან თავისუფალი ღონისძიება ტარდება, რომელიც ყოველ კვირას, დილის 7 საათიდან დღის 2 საათამდე ვრცელდება და ქალაქის დიდ ნაწილს ფარავს. ის 1.5 მილიონზე მეტ ადამიანს აწვდის დაახლოებით 120-კილომეტრიან მანქანებისგან თავისუფალ სივრცეს.
მანქანებისგან თავისუფალი დღე არის უბნების აღორძინების, გაცოცხლებისა და ტრანსფორმირების შესაძლებლობა. მანქანებისგან გათავისუფლებული ქუჩები გარდაიქმნება სივრცეებად თამაშებისთვის, სპორტული ღონისძიებებისთვის, სპექტაკლებისთვის, სხვა დასასვენებელი აქტივობებისთვის ქვეითებისა და ველოსიპედისტებისთვის.
მანქანებისგან თავისუფალ დღეებს შეუძლია გაზარდოს ფიზიკური აქტივობა, შეამციროს ჰაერისა და ხმაურის დაბინძურების დონე, დაეხმაროს სოციალურ ჩართულობას, შექმნას ეკონომიკური აღორძინების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს ველოსიპედითა და ქვეითად გადაადგილებას უსაფრთხო გარემოში. როცა პარიზში 2015 წელს პირველად მოეწყო მანქანისგან თავისუფალი დღე, გამონაბოლქვი 40%-ით, ხოლო ხმაურით დაბინძურების დონე 50%-ით შემცირდა.
წარმოიდგინეთ ქალაქი, რომლის დიზაინი პირველ რიგში ქვეითებზეა მორგებული. ის უფრო დაკავშირებული, აქტიური, უსაფრთხო და ჯანმრთელია. რადგანაც ქალაქები COVID-19-ის ეფექტებს პასუხობენ, საქართველოს ქალაქებშიც ძალისხმევა უნდა მიიმართოს საგზაო სივრცეების იმგვარად შეცვლისკენ, რომ ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად ქვეითებზე და ველოსიპედებისტებზე ფოკუსირებული ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა იქცეს. ხალხმა იცის, როგორ გამოიყენოს კარგი ქუჩა, როდესაც ხედავს მას და მათი შექმნა ურბანული და ტრანსპორტის დამგეგმარებლების პასუხისმგებლობაა.