OECD-ის ანგარიში: მოსწავლეთა სწავლის შედეგები უმჯობესდება, თუმცა თანასწორობა პრობლემად რჩება

პუბლიკა

გაეროს ბავშვთა ფონდმა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომელიც ქართული ზოგადი განათლების სისტემას აფასებს.

როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სწავლის შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მიღწეული პროგრესი მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ შეეხო.

მოსწავლეებს ქალაქად უკეთესი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე მოსწავლეებს სოფლად; სოციალურ-ეკონომიკურად პრივილეგირებული მოსწავლეები აკადემიური მოსწრებით წინ უსწრებენ თავიანთ სოციალურად დაუცველ თანატოლებს; ხოლო, ის მოსწავლეები, რომლებიც სახლში ქართულად ლაპარაკობენ, უსწრებენ თავიანთ თანატოლებს, რომელთა მშობლიური ენა ქართული არ არის. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სწავლის ხარისხში ეს უთანასწორობა 2009-2015წწ. პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა.

როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოში მოსწავლეთა შეფასება, ძირითადად, კვლავ მოსწავლეთათვის ნიშნების დასაწერად გამოიყენება და არა სწავლის გაუმჯობესებისთვის მათ დასახმარებლად.  მოსწავლეთა მიღწევებისა და სწავლის გაუმჯობესებისთვის განმავითარებელი შეფასება პედაგოგიური პრაქტიკის მთავარი აქცენტი არ არის. მასწავლებლები არ იყენებენ შეფასების მრავალფეროვან ტექნიკას და უპირატესობას მოსწავლეთა შეფასებას ანიჭებენ, ძირითადად, მრავალპასუხიანი ტესტებით,  რომლებიც უნარების ფართო სპექტრს არ აფასებს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ისეთი მოსწავლეების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან 21-ე საუკუნის ეკონომიკაში, საჭიროებს ისეთ მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ ცოდნა, უნარები და მოტივაცია, რომ გააგრძელონ კვალიფიკაციის ამაღლება. საქართველოში პედაგოგების დიდი ნაწილი უფრო ნაკლებად მონაწილეობს პროფესიულ განვითარებაში, ვიდრე OECD-ის სხვა ქვეყნებში. PISA 2015-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა თითქმის 30%-ს და საშუალო საფეხურის პედაგოგთა 30%-ს არ გაუვლია რაიმე სახის დაწყებითი მომზადება მასწავლებელთათვის, OECD-ის ქვეყნებისაგან განსხვავებით, რომლებშიც ფაქტობრივად ყველა პრაქტიკოსი მასწავლებელი გადის საწყის მომზადებას.

ანგარიშში გამახვილებულია ყურადღება სკოლების ავტორიზაციის მნიშვნელობაზეც. ამჟამად, ავტორიზაცია ქვეყნის 225 კერძო სკოლაზე გავრცელდა. საქართველოს თავდაპირველი გეგმა გულისხმობდა 2021 წლამდე საჯარო სკოლების ავტორიზაციას. საქართველოში ავტორიზაციის მიზანია სკოლის ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. OECD-ის ქვეყნებსა და ეკონომიკაში სკოლების შეფასებისაგან განსხვავებით, საქართველოში ავტორიზაცია არ აფასებს განათლების ხარისხს და არ ითვალისწინებს სკოლის ისეთ მიღწევებს, როგორიცაა მოსწავლეთა შენარჩუნება და შეფასების შედეგები.

ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები:

განათლებაში შეფასების სისტემა უნდა განვითარდეს, რათა გამოავლინოს დაბალი და უთანასწორო მიღწევების სფეროები და გადაჭრას ეს გამოწვევები მანამ, ვიდრე ისინი ფესვებს გაიდგამს. კერძოდ, მოსწავლეთა შეფასებამ უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს მოსწავლის მიღწევები, მასწავლებლებმა უნდა გაიარონ მომზადება მოსწავლეების უფრო მეტად მხარდაჭერისთვის და სკოლებს უნდა მიექცეთ მეტი ყურადღება მოსწავლეების განათლების საქმეში წარმატების მისაღწევად.

სწავლების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია პედაგოგთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერით; მათი ხელშეწყობით, რათა დააკმაყოფილონ მინიმალური სტანდარტები; პედაგოგის პროფესიაში შესვლის მაღალი სტანდარტების დაწესებითა და ადრეულ წლებში მეტი სტრუქტურირებული მხარდაჭერის გაწევის გზით; ახალი მასწავლებლების მოზიდვითა და წარმატების მისაღწევად მოტივირებისთვის. მასწავლებლებმა პროფესიული განვითარებისთვის უფრო რეგულარული მხარდაჭერა უნდა მიიღონ.

ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაცია, როგორ შეიქმნას საქართველოში რეგულარული შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც მასწავლებლებს განმავითარებელ უკუკავშირს მიაწვდის, რაც დაკავშირებული იქნება მათი პროფესიული განვითარების შესაძლებლობებთან.

სასკოლო განათლება შეიძლება გაუმჯობესდეს ავტორიზაციის გეგმების განხორციელებით, თუმცა პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ სკოლების მხარდაჭერას, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ გაუმჯობესებას.

უნდა შემუშავდეს და რეგულარულად განხორციელდეს სკოლის შეფასების ყოვლისმომცველი ჩარჩო, იმისათვის, რომ სისტემას მიეცეს სკოლების მონიტორინგისა და მათი შედეგების განმავითარებელ შედეგებთან დაკავშირების შესაძლებლობა.

ერთ-ერთი რეკომენდაცია ყურადღებას ამახვილებს ერთი გამოცდის მოდელისთვის მომზადების საჭიროებაზე, რომელშიც ერთი ტესტის საშუალებით დადასტურდა განათლების საშუალო საფეხურის დასრულება და ასევე მოსწავლეთა შერჩევა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასარიცხად.

მიმოხილვა ეყრდნობა OECD-ის შედარებით რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს საქართველოს ზოგადი განათლების, მათ შორის სასკოლო სისტემის საერთაშორისო პერსპექტივიდან შესაფასებლად და გვთავაზობთ ანალიზსა და ელემენტებს, რომლებიც საქართველოს განათლების პოლიტიკისა და შედეგების რელევანტურია.