25 მაისს აშშ-ში პოლიციის მიერ შავკანიანი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ ამერიკასა და მთელ მსოფლიოში პროტესტის ტალღა გამოიწვია. ამერიკის მასშტაბით, 450-ზე მეტი საპროტესტო აქცია გაიმართა. პარალელურად, საფრანგეთში დემონსტრანტებმა გაიხსენეს ოთხი წლის წინ მსგავს ვითარებაში დაღუპული შავკანიანი ადამა ტრაორე. მისი, ისევე, როგორც ჯორჯ ფლოიდის, ბოლო სიტყვები იყო: „მე ვერ ვსუნთქავ“. დიდ ბრიტანეთში გაიხსენეს 1990-იანი წლების გახმაურებული საქმე – შავკანიანი თინეიჯერის სტივენ ლოურენსის მკვლელობა. 1999 წლის ბრიტანეთის მთავრობის ანგარიშის მიხედვით, ლონდონის პოლიცია ამ პერიოდში ამჟღავნებდა „ინსტიტუციურ რასიზმს“. ბრიტანეთის მთავრობის ბოლო ანგარიშებში ჩანს, რომ სისტემურ დონეზე გამოხატული რასიზმი დღემდე არსად გამქრალა.
აშშ-ში ინსტიტუციურ დონეზე რასობრივი უთანასწორობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ნარკოპოლიტიკაა. მაგალითისთვის, შავკანიანებს არაპროპორციულად მეტად სვამენ ციხეში ნარკოტიკების ფლობისთვის, ვიდრე თეთრკანიანებს. ეს ხდება იმის ფონზე, რასაც კვლევები აჩვენებს, რომ საშუალოდ, შავკანიანები და თეთრკანიანები დააახლოებით თანაბრად ფლობენ ნარკოტიკებს. რასობრივი უთანასწორობა ვლინდება სასამართლოშიც. მაგალითად, მრავალჯერ არის დოკუმენტირებული, რომ პროკურორები უფრო ხშირად ითხოვენ შავკანიანი ნაფიცი მსაჯულის აცილებას, ვიდრე თეთრკანიანის. ეს და სხვა მრავალი მრავალი ფაქტი – მაგალითად, დაკავების დროს შავკანიანების მიმართ უფრო სასტიკი და ზოგჯერ დამამცირებელი მოპყრობა, მათი უფრო მკაცრად გასამართლება და ა.შ. – გვაფიქრებინებს, რომ სისტემა ინსტიტუციურ დონეზე ეწევა დისკრიმინაციას.
ამის მიუხედავად, ზოგიერთი კომენტატორი (განსაკუთრებით, კონსერვატორული შეხედულებების მქონენი) ტერმინ „ინსტიტუციურ რასიზმს“ ეჭვის თვალით უყურებს. ისინი თვლიან, რომ რასიზმად მხოლოდ ღიად გამოვლენილი, კონკრეტული, ინდივიდუალური შემთხვევები შეიძლება ჩაითვალოს. ამ შეხედულების მიხედვით, რასიზმია, როდესაც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ღიად რასისტული მოტივით ეწევა სხვების დისკრიმინაციას. ასეთი შემთხვევები ამერიკაში შედარებით იშვიათია, რადგან კანონით აკრძალულია. ამერიკის კონსტიტუცია და მისი შესწორებები, ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, 1968 წლის „სამოქალაქო უფლებების აქტი“ (რომელიც პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა მიიღო მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობით გამოწვეული არეულობების ფონზე) და სხვა საკანონმდებლო მექანიზმები კრძალავს რასობრივ დისკრიმინაციას. აქედან გამომდინარე, კომენტატორების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რადგან ღია დისკრიმინაცია კანონით აკრძალულია და იშვიათად ხდება, სხვა სახის ფარულ, ინსტიტუციურ დისკრიმინაციაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ამის საპირწონედ, ამ სტატიაში მინდა, ყურადღება გავამახვილო ინსტიტუციური რასიზმის მნიშვნელობაზე. ვფიქრობ, რომ ინსტიტუციური რასიზმის პრიზმიდან ყველაზე უკეთ არის შესაძლებელი მიმდინარე მოვლენებისა და საპროტესტო ტალღის ანალიზი. ქვემოთ, განვიხილავ ინსტიტუციური რასიზმის მთავარ მახასიათებელს.
ინსტიტუციური რასიზმი გულისხმობს იმას, რომ ხშირად სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ის ნაკლებად წყალობს რასობრივ უმცირესობებს. ამას კონკრეტული ინდივიდები გააზრებულად და შეთანხმებულად არ შვრებიან. მაგალითად, ზემოთ ნახსენები ნარკოპოლიტიკა ინსტიტუციური უთანასწორობის მაგალითია – შავკანიანების მეტად შემოწმება იწვევს იმას, რომ მათ თეთრკანიანებზე ხშირად ასამართლებენ ნარკოდანაშაულისთვის. თეთრკანიანებსაც რომ ასევე გულმოდგინედ ამოწმებდნენ, ამ დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანების პროცენტული რაოდენობა თითქმის თანაბარი იქნებოდა (ვინაიდან შავკანიანები და თეთრკანიანები თითქმის თანაბრად ფლობენ ნარკოტიკებს). ასეთ სისტემაში რთულია ინდივიდუალური რასისტების გამოვლენა და დასჯაც, ვინაიდან რასისტები ასეთ დროს იმ ინსტიტუციური ჩავარდნებით სარგებლობენ, რომელსაც სისტემა ქმნის.
გარდა ამისა, ინსტიტუციური რასიზმი გულისხმობს სხვა რამესაც. კერძოდ, იმას, რომ ზოგიერთი რასისტული დამოკიდებულება ზოგჯერ ქვეცნობიერ დონეზე არსებობს და მათ ადამიანები გაუაზრებლად გამოხატავენ. მაგალითად, „იელის სამართლის ჟურნალში“ გამოქვეყნებული 2013 წლის კვლევა გვიჩვენებს, რომ ერთი და იმავე სიმძიმის დანაშაულისთვის, შავკანიანებს უფრო მკაცრად სჯიან, ვიდრე თეთრკანიანებს. ასეთი უთანასწორობა „აუხსნელია“. აუხსნელია იმ აზრით, რომ ზუსტად არ ვიცით, რატომ ხდება ასე. ასეთ შემთხვევებში, ღიად არავინ გამოხატავს, რომ ადამიანს უსამართლოდ კანის ფერის გამო ექცევა. არ ვიცით, ასეთი უთანასწორობა გააზრებული რასიზმის შედეგია, თუ გაუაზრებელი, „ქვეცნობიერი“ დამოკიდებულებების. უთანასწორობა რომ სახეზეა, ამის უარყოფა ხშირად რთულია.
ბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება ინსტიტუციური რასიზმისა ის არის, რომ მისი ფესვები ზოგჯერ გავლენიანი აქტორების წარსულ ქმედებებსა და პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ. ამის გამო, შეუიარაღებელი თვალისთვის აწმყო დროში არსებული უთანასწორობის მიზეზების შემჩნევა რთულდება. მაგალითად, ისევ ამერიკის მაგალითს თუ ავიღებთ, სეგრეგაციის მძიმე ისტორია, რომელიც სამხრეთის ზოგიერთ შტატში 1960-იან წლებამდე გრძელდებოდა, დღემდე მნიშვნელოვან კვალს ტოვებს შავკანიანების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სეგრეგაციის შედარებით ნაკლებად მკვეთრი, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ღიად გამოხატული პოლიტიკა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა ფრანკლინ დელანო რუზველტის „ახალი კურსის“ დროიდან თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე ეწეოდა. რუზველტის დროს შექმნილი „ფედერალური განსახლების ადმინისტრაცია“ ღიად უწყობდა ხელს რასობრივ სეგრეგაციას, რამაც მომდევნო წლებში ქონების არათანაბარ დაგროვებას შეუწყო ხელი. დღეისათვის, საშუალო შავკანიანის შემოსავალი საშუალო თეთრკანიანის შემოსავლის 60%-ია (რაც ასევე, თავისთავად სტრუქტურულ უთანასწორობაზე მიგვანიშნებს). ამის მიუხედავად, საშუალო შავკანიანის ქონება საშუალო თეთრკანიანის ქონების მხოლოდ 5%-ს შეადგენს. ლოგიკური იქნება, თუ ვიტყვით, რომ აწმყოში არსებული ამ განსაცვიფრებელი ქონებრივი უთანასწორობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წარსული ისტორიული ჩაგვრა და სეგრეგაციაც არის.
ინსტიტუციური რასიზმი ხსნის იმას, თუ რატომ გამოიწვია ამხელა რეზონანსი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ. თუმცა ეს, ცხადია, აგრესიული პროტესტის და ძალადობის გამართლება არ არის. ამერიკაში სახალხო პროტესტი, როგორც წესი, კომპლექსური და მრავალშრიანი ბუნებით ხასიათდება. დღევანდელის მსგავსი არეულობები ხშირად ხდებოდა 1960-იან წლებში, სამოქალაქო უფლებების მოძრაობის პერიოდში. მეოცე საუკუნის ბოლოს, ყველაზე მასშტაბური არეულობა დაიწყო 1992 წელს ლოს-ანჟელესში, როდესაც ტელევიზიით გავრცელდა პოლიცის მიერ შავკანიანი ამერიკელის, როდნი კინგის ცემის კადრები. ლოს-ანჟელესში მოვლენები მალევე გავიდა კონტროლიდან და დაუსაბუთებელ აგრესიაში გადაიზარდა (მაგალითად, შეგიძლიათ იუთუბზე იხილოთ ცნობილი კადრები, როგორ იცავენ შეიარაღებული კორეელი იმიგრანტები თავიანთ მაღაზიებს სხვა ეთნიკური უმცირესობების ბანდებისგან). მსგავსი უკონტროლო აგრესიის მაგალითები ბოლო დღეებშიც ვნახეთ. ინსტიტუციური რასიზმით მათი გამართლება შეუძლებელია.
ამის ნაცვლად, ინსტიტუციური რასიზმი უნდა აღვიქვათ, როგორც ერთ-ერთი მთავარი საბაზისო მორალური პრობლემა, რომელიც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის არეულობისთვის და საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და საზოგადოების სიჯანსაღეს. ამის აღიარების გარეშე პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება. მხოლოდ ღია და აშკარა რასიზმზე ყურადღების გამახვილებით ვერც მიმდინარე მოვლენების არსსაც ჩავწვდებით და ამ ყველაფრიდან ჩვენთვის გამოსადეგ გაკვეთილებსაც ვერ გამოვიტანთ.