„მე საქართველოში 2012 წლის შემდეგ არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ შემიძენია, ერთადერთი მანქანის გარდა, რომელიც შევუძინე ჩემს მეუღლეს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
პრემიერის თქმით, მის ქონებაზე საუბარი არის ჭორაობა ოპოზიციის მხრიდან, რადგან არჩევნები მოახლოვდა.
„მე საქართველოში 2012 წლის შემდეგ არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ შემიძენია, ერთადერთი მანქანის გარდა, რომელიც შევუძინე ჩემს მეუღლეს. ახლა ერთი რამე მინდა გითხრათ, მე ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ვერავინ ვერასოდეს ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაცა 2012 წლის შემდეგ შევიძინე. ასევე, მაგალითად, ჩემმა მშობლებმა გაასხვისეს რაღაც უძრავი ქონება კახეთში, იქ სხვა ადამიანი იყო შემძენი. უხერხულია როცა იყიდი ეს არის პრობლემა, როცა გაყიდი მერე ის ხდება პრობლემა. სადმე რაიმე კანონდარღვევა თუ არის მოიტანეთ ფაქტები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 30 მაისს არის შევსებული, პრემიერის სახელფასო ანგარიშზე 99.41 ლარია.
5 ივნისს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ქონებრივი დეკლარაციის შესახებ, ჟურნალისტმა ახლანდელი დეკლარაციის მონაცემი 2015 წელს შევსებულს შეადარა და პრემიერს ჰკითხა, სად „გაქრა მისი ქონება“.
ჟურნალისტის კითხვაზე, გაღარიბდა თუ არა ის 2015 წლის შემდეგ, პრემიერმა უპასუხა – „დიახ და ამისთვის მე ყოველთვის მზად ვიყავი იმიტომ, რომ ვემსახურები ამ ქვეყანას“.