„ეს არის კანონი იმაზე, რომ, თუ ადამიანს აიყვან სამსახურში, მას უნდა მოექცე ადამიანურად, ყველაფერი ამის იქით არის მონობის დაკანონება“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე, სადაც შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი განიხილებოდა.
კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, თუ რა გავლენას იქონიებს ცვლილებების მიღება დამსაქმებლებზე. მისივე თქმით, უნდა მოხდეს მოსალოდნელი შედეგების მონეტარული შეფასება და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელეს კანონპროექტზე მსჯელობა.
ვეფხვაძის თქმით, სამუშაო დროის დარეგულირებაზე დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტმა იმიტომ არ დაუჭირა მხარი, რომ არ იყო გათვლილი და შეფასებული ფინანსური რისკი.
მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მთავრობის ინიციტივით ხდება მსგავსი პროექტების ინიცირება, საჭიროა რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA – Regulatory Impact Assessment) მომზადება. მათ შორის შედის შრომის კოდექსიც.
„ანუ მთავრობამ თქვა, რომ, ჩემი აზრით, ეს არის სავალდებულოო, რომ ასეთი ტიპის კანონმდებლობის ცვლილება საჭიროებდეს წინასწარ შეფასებას – ჰაერზე კი არ ვილაპარაკოთ და ერთმანეთს ვესროლოთ რაღაცა რიცხვები, არამედ ეს იყოს წინასწარ შეფასებული, შესწავლილი და გათვლილი, თუ რა ტიპის პრობლემები შეიძლება დადგეს“, – აღნიშნა ვეფხვაძემ და კომიტეტის წევრებს მოუწოდა, არ აჩქარდნენ და შეისწავლონ ეს საკითხები.
„რატომ ვჩქარობთ?! დავსხდეთ, შევაფასოთ. თუკი სადმე ხარვეზი შეიძლება მოჰყვეს ამას, ეს ხარვეზები დავთვალოთ, რომ არ იყოს მტკივნეული არც ბიზნესის, არც კონკრეტული დასაქმებულისთვის, რომელთაც შეიძლება ასევე შეეხოთ ეს. და ამ შეფასების შემდეგ დავიწყოთ მსჯელობა კანონზე“, – განაცხადა ვეფხვაძემ.
ის კომიტეტის სხდომაზე ასევე შეეხო ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით კანონპროექტში არსებულ ჩანაწერს. კერძოდ, პროექტში წერია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით – არანაკლებ შრომის ანაზღაურების ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტისა.
ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ ამგვარი რეგულაციის შემოღებით „ბიზნესს დააწვება“ მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებები.
„მაგალითად, ხარჯთან დაკავშირებით ჩვენ დათვლილი გვაქვს და მხოლოდ სამ ინდუსტრიაზე, თუკი ჩვენ 1.25-ზე გადავიყვანთ ზეგანაკვეთურს, გამოვიდა 240 მლნ ლარამდე ხარჯი, რაც ბიზნესს შეიძლება დააწვეს. მაშინ, როცა მთავრობის დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ ამ COVID-ის პირობებში დაეხმაროს ბიზნესს და პირიქით, დაუტოვა გადასახადების ნაწილი იმისთვის, რომ სამსახურიდან თანამშრომლები არ გაუშვას. ახლა 240 მლნ-ს მხოლოდ სამ ინდუსტრიაზე ვლაპარაკობ. გაცილებით მნიშვნელოვანი რიცხვები იქნება, სხვა ინდუსტრიებზეც რომ დავთვალოთ. შეიძლება, ნახევარ მილიარდს ასცდეს… თუ ჩვენ რიცხვებში ვცდებით, დავამტკიცოთ, რომ ვცდებით და არაფერი არ მოხდება. დავთვალოთ, გავიაროთ და მერე ვისაუბროთ კანონზე. ეს იქნება ჩვენი თხოვნაც“, – აღნიშნა ვეფხვაძემ.
კანონპროექტის ავტორმა და ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა გამოსვლისას განაცხადა, რომ კანონპროექტის მომზადების ეტაპზე გაიმართა არაერთი მრგვალი მაგიდა, შეხვედრა, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე, ყველა სხვა დაინტერესებული მხარე. შეხვედრებზე განიხილებოდა ყველა საკითხი და ეს ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ გამოკვეთილიყო სხვადასხვა აქტორის პოზიციები და შეჯერებულიყვნენ კომპრომისულ ვერსიაზე. მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში კანონპროექტის ავტორები მნიშვნელოვან დათმობებზეც წავიდნენ, გაითვალისწინეს ბიზნესის წარმომადგენელთა მოსაზრებებიც და შედეგად მომზადდა კომპრომისული ვერსია.
„ამ შეხვედრების განმავლობაში ჩვენ დაგანახეთ, რომ მზად ვიყავით კომპრომისული ვერსიისკენ და ეს კომპრომისული ვერსია არის წარმოდგენილი. იმაზე მეტი კომუნიკაცია იყო, ვიდრე რომელიმე სხვა პროექტზე ყოფილა“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება RIA-ს დოკუმენტის მომზადებას და ამ კუთხით გამოთქმულ შენიშვნებს, ცქიტიშვილმა რამდენიმე არგუმენტი დაასახელა, რომელიც RIA-ს სრულყოფილი დოკუმენტის მომზადებას, ამგვარ საკითხებზე, შეუძლებელს ხდის.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა, რაც RIA-ს მომზადებას გაართულებს, არის სანდო და სრულფასოვანი სტატისტიკური მონაცემების არ არსებობაა.
„სტატისკიტუკი მონაცემები ჩვენ გვეუბნება, რომ 39 საათი გვაქვს სამუშაო დრო, საშუალოდ. ასეთია ოფიციალური მონაცემები, რაც არარეალისტურია.
ამ შემთხვევაში RIA არ გაკეთდება, რადგან ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები გვაქვს ძალიან არასწორი. არსად, ძირითად კომპანიებში, არ გვაქვს აღრიცხვა, რა არის ზეგანაკვეთური, რა არის ნორმირებული. ამას არავინ არ აღრიცხავს. პრაქტიკულად, ეს სისტემა არის მოშლილი. შესაბამისად, სტატისტიკის დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას, რომ აწარმოოს ზუსტი ინფორმაცია. ამაზე დაფუძნებული RIA არ იქნება სწორი. არც ერთი საკონსულტაციო კომპანია ამას ხელს არ მოჰკიდებს, ამ ციფრებზე. შესაბამისად, ამიტომაც RIA-ს გაკეთება არ არის შესაძლებელი”, – ამბობს ცქიტიშვილი.
რაც შეეხება ლევან ვეფხვაძის მიერ დასახელებულ რიცხვებს, ცქიტიშვილის თქმით, ესაა იმის დასტური, რომ „200 მილიონის კანონს არღვევს ბიზნესი დღეს“.
„ის ციფრები, რაც თქვენ წარმოადგინეთ, არის დამამტკიცებელი იმისა, რომ, თურმე, 200 მილიონის კანონს არღვევს ბიზნესი დღეს. ზეგანაკვეთური 40 საათის ზემოთ დღესაც არის კანონში და მომატებული გადახდები დღესაც არის და სასამართლოში რომ წავიდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ზეგანაკვეთურზე 1 თეთრს უხდიან, შეუძლია, რომ 1,50 კოეფიციენტი დაამტკიცებინოს, ანუ დღევანდელი პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ 150%-ითაც შეიძლება მოხდეს ანაზღაურება და სასამართლოს დადგენილება საკმარისია იმისათვის, რომ კანონის ასეთი ინტერპრეტაცია მოხდეს და შრომის ინსპექციამ 150% მოითხოვოს. ამიტომაც იცოდეთ, რომ ეს კანონი უფრო პროგნოზირებადს გახდის იმ ზეგანაკვეთურის ანაზღაურებას, ვიდრე ინსპექციის მიერ პრაქტიკით დამუშავებული სტანდარტი“, – ამბობს ცქიტიშვილი.
კომიტეტის სხდომას ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებული პროფკავშირებისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლები.
მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტს აქვს რიგი ხარვეზები, არსებულ კანონმდებლობასთან შედარებით, ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას. მათივე თქმით, კანონპროექტმა მომზადების პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და ეს ცვლილებები მიმართული იყო არა დასაქმებულების, არამედ ბიზნესინტერებისკენ.
„ძალიან ბევრი საკითხია, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონპროექტში, თუმცა ეს მინიმალური გარანტიები მაინც უნდა იყოს მიღებული“, – აღნიშნა EMC-ის წარმომადგენელმა, კოტე ერისთავმა.
„ზეგანაკვეთურ სამუშაოზე როცა ვსაუბრობთ და ბიზნესის მხრიდან ასეთი შიშია, 250 მილიონზე, რეალურად, ამას ჰქვია „ხელფასის მოპარვა“. როგორც ჩანს, ჯიბიდან ამოდის 250 მილიონი და მიდის სადღაც ოფშორში. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს თანხა დარჩება რეალურ ეკონომიკაში“, – განაცხადა ერისთავმა.
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, რაისა ლიპარტელიანის თქმითაც, პროფკავშირებსაც ბევრი შენიშვნა აქვს აღნიშნულ პროექტზე, რაზეც მუხლობრივი განხილვის ეტაპზე უფრო დეტალურად ისაუბრებენ. ის ასევე გამოეხმაურა ლევან ვეფხვაძის განცხადებას RIA-ს მომზადებაზე:
„რაც შეეხება RIA-ს, ამაზე ძალიან დიდი ხანია, გვესმის მსჯელობა. უნდა ითქვას, როგორი RIA-ც არ უნდა ჩატარდეს და რა ფინანსური შედეგიც არ უნდა დადოს, ის, რაც ჩვენ გვაქვს დღეს, რომ კვირაში 84 საათი მუშაობა არის კანონიერი, როგორი სურათიც არ უნდა მოგვცეს RIA-მ, ამას ვერ გაამართლებს.
ლეგენდებს არა, რეალობას გეუბნებით – 84 საათი იმიტომ, რომ 7-ვე დღე 12 საათი მუშაობა საქართველოს კანონმდებლობით, ეს არის ლეგიტიმური და ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი სამუშაო საათები. ერთი ქვეყანა მაინც დამისახელეთ, სადაც შესაძლებელია, რომ ადამიანი ამუშაო ყოველდღე და დღეში 12 საათი?!
…რას მეუბნებით თქვენ, რომ ადამიანებს უხარიათ, ერთი დასვენების დღეც რომ არ აქვთ და ასე მუშაობენ?! … გაფიცვები იყო ამასთან დაკავშირებით, რომ 7-ვე დღე მუშაობდნენ. იგივე მარკეტები. ვაჭრობის სფერო. მასობრივად, ტოტალურად ასე ხდება. თქვენ რატომ გგონიათ, რომ ჩვენ რაღაც სხვა პლანეტაზე ვართ და თქვენ სხვაგან?! გეუბნებით, ვაჭრობის სფეროში ადამიანები მუშაობენ შესვენებისა და დასვენების გარეშე და ეს მარტო კანონის პრობლემა კი არ არის, პრაქტიკული პრობლემაა. პრაქტიკაში ხდება ასე და თქვენ ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით ამას, ეს რეალობაა.
ეგ თქვენთვის არის მითი. კომფორტულ ოფისში რომ სხედხართ, ბედნიერად, თქვენთვის არის მითი, მაგრამ ჩვენ, ვისაც დასაქმებულთან გვაქვს ყოველდღიური შემხებლობა, ეს არის რეალობა, რომელსაც ვუყურებთ“, – მიმართა რაისა ლიპარტელიანმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს.