პარლამენტმა სამუშაო დროის დარეგულირებაზე ინიციატივა ჩააგდო

54 მომხრე, 4 წინააღმდეგი – პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სამუშაო დროის ხანგრძლივობის დარეგულირებას, ზეგანაკვეთურ შრომასა და სამუშაო საათების აღრიცხვას ითვალისწინებდა.

ნაცვლიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი გუშინ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. დღეს კი კენჭისყრაზე პროექტმა დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. პროექტის პირველი მოსმენით მისაღებად 76 ხმა იყო საჭირო.

რას ითვალისწინებდა კანონპროექტი?

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის შემუშავება განაპირობა საქართველოში შრომით ურთიერთპობებში არსებულმა მანკიერმა პრაქტიკამ, რამაც საფრთხე შეუქმნა დასაქმებულთა ჯანმრთელობას, თავისუფლებას და ხშირ შემთხვევაში დასაქმებულს მისცა შესაძლებლობა შრომითი ექპსლუატაცია გაუწიოს დასაქმებულებს.

სამუშაო დროის ხანგრძლივობა, დასვენებისა და შესვენების დროები

ბექა ნაცვლიშვილმა კანონპროექტი „დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალ გაერთიანებასთან” თანამშრომლობით მოამზადა. კანონპროექტი ცვლილებებს ითვალისწინებს საქართველოს შრომის კოდექსში. ცვლილებების მიღების შემთხვევაში კოდექსში გაჩნდება შემდეგი ჩანაწერი:

⚫ სამუშაო დრო არის დროის კალენდარული ნაწილი, რომლის განმავლობაში დასაქმებული იმყოფება დამსაქმებლის განკარგულებაში, მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა ის სამუშაო ადგილზე. დასაქმებული ვალდებულია, შეასრულოს შრომის ხელშეკრულებითა და ამ კანონით დადგენილი ვალდებულებები. სამუშაო დროში არ ითვლება დასვენებისა და შესვენების დრო.

დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დღეების რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს კვირაში 6 დღეს, ხოლო სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაში დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს; სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დაწესებულებებში, სადაც შესასრულებელი სამუშაო 8 საათზე მეტ უწყვეტ რეჟიმს, რა დროსაც დასაქმებულის ჩანაცვლება სამუშაოს უწყვეტობის დარღვევას გამოიწვევს – კვირაში 48 საათს.

⚫ თუ დამსაქმებლის საქმიანობა და დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაო ითვალისწინებს წარმოების/შრომითი პროცესის 24-საათიან უწყვეტ რეჟიმს, მხარეები უფლებამოსილი არიან, დადონ შრომითი ხელშეკრულება ცვლაში მუშაობის შესახებ.

⚫ ყოველდღიური მუშაობის დასრულების შემდეგ დასაქმებულს უნდა მიეცეს უწყვეტი დასვენების პერიოდი, რომლის განმავლობაში, დასაქმებული არ არის ვალდებული, შეასრულოს სამუშაო და იყოს დამსაქმებლის განკარგულებაში. სამუშაო ცვლებს შორის დასვენება უნდა იყოს სამუშაო ცვლის ხანგრძლივობის თანაბარი, მაგრამ არანაკლები 12 საათისა. დასაქმებულს აქვს დასვენების თავისუფლად განკარგვის უფლება.

შესვენების დროის განმავლობაში დასაქმებული არ არის  ვალდებული, შეასრულოს სამუშაო;

⚫ დასაქმებულმა არ შეიძლება იმუშაოს შესვენების გარეშე, თუ მისი სამუშაო  დღის ხანგრძლივობა 4 საათს აღემატება.

  • თუ სამუშაო დროის ხანგრძლივობა 4 საათზე მეტსა და 9 საათზე ნაკლებ ხანს გრძელდება, შესვენების დრო უნდა იყოს წინასწარ წერილობით დადგენილი სულ მცირე 45 წუთი;
  • თუ სამუშაო დროს ხანგრძლივობა 9 საათს აღემატება, შესვენების დრო უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი მაინც;
  • ღამის სამუშაოზე დასაქმებულს, თუ მისი სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღემატება 4 საათს, დამატებით უნდა მიეცეს შესვენების 60 წუთი მაინც.

⚫ 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს  კვირაში 36 საათს.

⚫ 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს  კვირაში 24 საათს.

სამუშაო დროის აღრიცხვა

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს შემოაქვს სამუშაო დროის აღრიცხვის ვალდებულება.

კანონპროექტის მიხედვით,

⚫ დამსაქმებელი ვალდებულია, ყოველდღიურად აღრიცხოს დასაქმებულთა ნამუშევარი დრო  წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით.

⚫ დამსაქმებელი ვალდებულია, ხელფასის გაცემასთან ერთად დასაქმებულს გადასცეს ნამუშევარი საათების აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი.

⚫ იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი არ აღრიცხავს დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაო საათებს, სასამართლოში ნამუშევარი საათების შესახებ დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.

ზეგანაკვეთური სამუშაო

კანონპროექტი ცვლილებებს ითვალისწინებს ასევე ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კანონპროექტის მიხედვით, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა:

  • სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს;
  • 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს;
  • ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს.

⚫ დასაქმებულისთვის სამუშაო დროის ხანგრძლივობა, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 60 საათს.

⚫ 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – 42, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 28 საათს.

⚫ არავის აქვს უფლება, აიძულოს დასაქმებული, შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო. ზეგანკვეთური სამუშაოს შესრულება არის ნებაყოფლობითი გარდა ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა.

 დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო [მე-4 პუნქტი]:

ა) სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ანაზღაურების გარეშე;

ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – სათანადო ანაზღაურებით.

⚫ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე მხარეები უშუალოდ ყოველი ასეთი სამუშაოს წინ, მაქსიმუმ, 1 კვირით ადრე უნდა შეთანხმდნენ წერილობით, გარდა ისეთი გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელიც ასეთ შეთანხმებას შეუძლებელს ხდის.

⚫ ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, თუმცა იგი უნდა იყოს არანაკლები ხელფასის საათობრივი განაკვეთის 50%-ით გაზრდილი ოდენობისა.

⚫ მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე. დამატებებითი დასვენების დრო დასაქმებულს უნდა მიეცეს ზეგანაკვეთურ სამუშაოზე შეთანხმებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

ღამის სამუშაო

⚫ აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22:00-დან 06:00-მდე) არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება.

დასაქმებულს შეუძლია, მოითხოვოს ღამის სამუშაოდან დღის სამუშაოზე გადაყვანა, იმ შემთხვევაში თუ:

ა) სამედიცინო დასკვნით ღამე მუშაობა დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის წარმოადგენს საშიშროებას;

ბ) დასაქმებულის მზრუნველობაშია ბავშვი 12 წლამდე და მას ოჯახში არ ჰყავს სხვა მზრუნველი  დასაქმებულის გარდა;

გ) ღამე დასაქმებული არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მეურვე ან  მზრუნველი.

⚫ ღამის სამუშაოზე დასაქმებულს უფლება აქვს, სამუშაოს დაწყებამდე და მის შემდეგ, რეგულარული ინტერვალებით, სამ წელიწადში ერთხელ და არაუმეტეს ორისა, ჩაიტაროს სამედიცინო შემოწმება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

⚫ ღამე დასაქმებულს, რომელიც 50 წელს გადაცილებულია, რეგულარული შემოწმების უფლება აქვს ყოველ წელიწადში ერთხელ.

⚫ გამოკვლევების ხარჯებს თავის თავზე იღებს დამსაქმებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ღამე დასაქმებულებს თავად საწარმოს ექიმი ჩაუტარებს უფასო სამედიცინო შემოწმებას.

⚫ ღამის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, თუმცა იგი უნდა იყოს იგივე დამსაქმებელთან იგივე პოზიციაზე დღის სამუშაოზე დასაქმებულის ხელფასის საათობრივი განაკვეთის 25%-ით გაზრდილი ოდენობისა.